ჩინეთმა რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას მხარი არ დაუჭირა

© AP Photo / GEERT VANDEN WIJNGAERT
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. კონფლიქტების გადასაჭრელად სანქციების გამოყენებას ჩინეთი მხარს არ უჭერს, განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა.
ასეთი პასუხი გასცა მან შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ჩინეთი დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას, გათიშოს ზოგი რუსული ბანკი SWIFT-ის სისტემისგან.

„ჩინეთი მხარს არ უჭერს პრობლემების გადასაჭრელად სანქციების გამოყენებას და, მით უმეტეს, ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართალში საფუძველი არ გააჩნიათ“, — აღნიშნა ვან ვენბინმა.

ამასთან მან დაადასტურა, რომ ჩინეთი და რუსეთი ძველ რეჟიმში განაგრძობენ სავაჭრო თანამშრომლობას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემდეგ მოუწოდა დასავლეთს, გაითვალისწინონ რუსეთის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 26 თებერვალს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაგმობის შესახებ რეზოლუცია უნდა მიეღოთ, კენჭისყრისას პეკინმა თავი შეიკავა.
დასავლეთი უახლოეს დღეებში გეგმავს იმ რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უკვე შეათანხმა, ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
ეს სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პუნქტია, რომლებსაც აშშ და მისი პარტნიორები უწესებენ მოსკოვს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0