პატრიარქის კურთხევით უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა მრევლს გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში წინამძღვრებთან შეთანხმებით, არაფუჭებად პროდუქტსა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ.) და პირველადი დახმარების მედიკამენტებს აგროვებენ. პროდუქტების შეგროვება საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით დღეიდან დაიწყო.
რაც შეეხება ეპარქიებს, გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.
მეუფე შიოს განცხადებით, ტაძრებში სპეციალური ყუთები განთავსდება და მრევლს რამდენიმე დღე საშუალება ექნება, პირველადი ნივთები მიიტანონ, რომლებიც შემდეგ ერთად შეგროვდება და გაიგზავნება უკრაინაში.
გარდა ამისა, საპატრიარქო მზად არის დაეხმაროს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო სამშობლოში გამგზავრებას ვერ ახერხებენ.
„ჩვენს სამღვდელოებაში და მრევლში არის ინიციატივა, რომ დავეხმაროთ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ საქართველოში, ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან თავის სამშობლოში და იმედია, ღვთის წყალობით, ეს განხორციელდება“, - განაცხადა მეუფემ.
უკრაინაში და მთელს მსოფლიოში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს, წირვის შემდეგ საქართველოს ტაძრებში სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს, მრევლსა და სამღვდელოებას კი მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერების ლოცვა-კურთხევა მიეცა.
საქართველოს მთავრობა უკვე ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნებით იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ განთავსება შესთავაზა. ამ დროისთვის სასტუმროებში უფასოდ 200-მდე უკრაინის მოქალაქეა დაბინავებული.
ყველა ახალი ამბავი
0