ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს: პროკურორი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
გამოწერა
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ამჟამად სამი პირია დაკავებული.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა პროგრამისტის ნიკა (ნიკო) კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე დიდი ალბათობით, გაიზრდება, განაცხადა საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს. გარდა ამისა, პოლიციამ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 23 თებერვალს ირაკლი ბიბინეიშვილი დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
შაიშმელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ კონკრეტული პირების მხილების მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობს, ნაწილის მიმართ კი უკვე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც ხდება.
პროკურორმა ასევე ისაუბრა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ირაკლი ბიბინეიშვილს შესახებაც, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს.
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვითაც ბიბინეიშვილმა იცოდა, რომ ორივე ბრალდებულს ჩადენილი ჰქონდა ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მასთან სახლში მივიდნენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალდებულმა მათ თავშესაფარი მისცა, დაეხმარა, რომ გარკვეული პერიოდი მასთან ეცხოვრათ და სამართალდამცავ ორგანოებს დამალვოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მან ბრალდებულებს ტაქსიც გამოუძახა და მისცა საშუალება, რომ სხვა, უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის სიაშიც კი მოხვდა (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია).
ახალგაზრდა პროგრამისტის მკვლელობაში დამკვეთი ფიგურირებს – ნიკა კვარაცხელიას დედა >>
ნიკა კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის" მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0