მთავრობის „სტრატკომმა“ ირაკლი ღარიბაშვილი დაიცვა
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს, დაწერა გიორგობიანმა
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის (სტრატკომი) უფროსმა ნინო გიორგობიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უკრაინის საკითხზე მისი პოზიციის გამო გააკრიტიკეს.
„ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის“, - წერს გიორგობიანი თავის Facebook-გვერდზე.
აქვე „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ჩამოთვალა ღარიბაშვილი განცხადების ძირითადი პუნქტები, რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია:
მან განაცხადა, რომ საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას; ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა;
ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;
ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს;
პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;
უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში
პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა; ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;
პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
გიორგობიანი ასევე ღარიბაშვილის კრიტიკოსების ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის მოვლენების ქრონოლოგიას:
„აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდა“, - წერს გიორგობიანი.
პარასკევს თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა. მიტინგის მონაწილეებმა დაგმეს პრემიერის შეფასებები უკრაინის საკითხზე და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთი 24 თებერვლიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.