მოსაზრება: რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებისგან სანქციების პაკეტი მიიღო. ეს ლოგიკურიც იყო. დასავლელი პარტნიორების წარმოდგენით, რუსეთმა არ უნდა გადაარჩინოს რუსები. რუსები უნდა ისხდნენ სარდაფებში და დაიხოცონ ბომბებით. თუ რუსეთი მათ დასაცავად აღდგება, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
აქედან ამერიკული სანქციები სუვერენული რუსული ვალის წინააღმდეგ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიკატის შეჩერება გერმანელების მხრიდან, ასევე წერტილოვანი დივერსიები რუსული ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა არმიის ცენტრალური სპორტული კლუბიც. „მსოფლიოში ჯერ არ არის ЦСКА-ზე მაგარი გუნდი!“
გასაგებია, რომ ახლა, როცა რუსი სამხედროები საქმიანად ეწევიან იმ ნაცისტური ბუდის დემილიტარიზაციას, როგორადაც ყოფილი უკრაინის სსრ გადაიქცა, დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად არიან აღშფოთებული. „კიევზე შეტევა!“, „ბრძოლა ჩერნობილისთვის!“, „აპოკალიფსი დღეს!“, „არა ომს!“ – წერენ ხმამაღალ სათაურებს Daily Mail, Deutsche Welle და სხვა უცხოური გამოცემები.
ეს ყველაფერი გასაგებია, სხვას არც არაფერს ველოდით. მაგრამ, მოდით, კონკრეტულად შევხედოთ, რით გვემუქრებიან დასავლელი პარტნიორები იმისთვის, რომ ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის შეტანა გადავწყვიტეთ. სამხედრო თვალსაზრისით – ნატო დაგვპირდა აღმოსავლეთ ფლანგზე თავისი ყოფნის გაძლიერებას. კერძოდ, რუმინეთში. ალიანსის კონტინგენტი რუმინეთში და, შესაძლოა, ბალტიისპირეთში გაიზარდოს.
მაგრამ უკრაინა? არა, ის არა. იქ – არა. ბოდიში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ოფიციალურად განაცხადა: „უკრაინის ტერიტორიაზე არ არის ნატოს ძალები და არც გაგზავნა იგეგმება. უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს მხოლოდ ნატოს მოკავშირეებს მივცემთ“.
ესეც ასე, მოკავშირეებს – მტკიცე გარანტიები, უკრაინას კი, გამოდის, არც ისე მტკიცე. პირდაპირ ვთქვათ, ცოტა არ იყოს რბილი გარანტიებია. მაშინ რაში დასჭირდათ მათი ნატოში შეთრევა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგობის დაძლევა? რაში სჭირდებოდათ იქ რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარისკაცების გაწვრთნა, სამოქალაქო პირებისთვის ხის კალაშნიკოვების დარიგება, სიძულვილის გაღვივება? პირველი საფრთხისთანავე რომ მიეტოვებინათ? რა ცუდი საქციელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ნატოს ლიდერმა ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ყველა აქტივობა მხოლოდ ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე იწარმოებს. უკრაინაში ისინი არ შევლენ.
ახლა ეკონომიკა. ინგლისელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „რუსეთის ეკონომიკის დასახიჩრებით“ დაიმუქრა. ბრიტანეთში გაყინეს „ვითიბი ბანკის“ აქტივები. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ახალი სანქციები შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკურ განვითარებას, გამოიწვევს ინფლაციას, გაზრდის კრედიტების ფასს და დაანგრევს სამრეწველო ბაზას“. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმაც კი მოითხოვა „შეშლილის იზოლირება“ (იგულისხმება პუტინი) და SWIFT-დან რუსეთის დაუყოვნებლივ გათიშვა.
მათმა პატრონმა ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციებში მოყვება ოთხი რუსული ბანკი, მათ შორის ყველაზე მსხვილი „ვითიბი ბანკია“. მუქარა ვრცელდება დოლარით, ევროთი, ფუნტით, იენით მიმდინარე სავალუტო ოპერაციებზე. შეიზღუდება რუსეთისთვის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებსა და კოსმოსზე. SWIFT-დან გათიშვა ბაიდენმა გამორიცხა. პროგრამული უზრუნველყოფიდან გათიშვაც არ დაუანონსებიათ. „პუტინს რატომ არ დაადეთ სანქციები?“ – წამოიძახა ჟურნალისტმა ბაიდენის გამოსვლის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტს არ უპასუხია.
ყველა გამოცხადებული ზომა, რასაკვირველია, უსიამოვნოა რუსეთისთვის. მაგრამ დაასახიჩრებს კი ჩვენს ეკონომიკას? ღმერთო ჩემო, მას იმდენი რამ უნახავს. 2014 წლიდან ნონსტოპის რეჟიმში სანქციებით გვბომბავენ, რა აღარ მოიგონეს. უნებურად გაჩნდა განცდა, რომ სანქციების „ყველაზე სასტიკ“ პაკეტს სამხედრო ოპერაციის არარსებობის შემთხვევაშიც დაგვადებდნენ. დაგვსჯიდნენ იმის გამო, რომ არ შევიჭერით, ვერაგულად მოვატყუეთ დასავლელი პარტნიორები.
ახლო პერსპექტივაში ევროპის უარი ნახშირბადების შეძენაზე და ფინანსური ტრანზაქციების შეფერხება შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო იყოს. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ეჭვგარეშეა, ისინი ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციას გამოიწვევს და იმპორტის ჩანაცვლების ახალ, უფრო მასშტაბურ რაუნდამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი შესანიშნავი დრაივერია ნეოინდუსტრიალიზაციისთვის. დიახ, ჩვენც გვაქვს უცხოური აქტივები, რომელთა გაყინვაც შეგვიძლია.
აი, ჩვენს დასავლელ, განსაკუთრებით, ევროპელ პარტნიორებს რაც შეეხება, ისინი ამ სანქციებით უბრალოდ საკუთარ ფეხს კი არ ესვრიან, არამედ საფეთქელთან აქვთ მიბჯენილი პისტოლეტი და წუთი-წუთზე გამოკრავენ ჩახმახს.
დიმიტრი მედვედევი უკვე დაპირდა მათ გაზს ორ-ორი ათას ევროდ, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ კომუნალური გადასახადების ფეთქებადი ზრდა და ფიზიკური პირების მასობრივი გაკოტრებაა. ეს არის ევროპული ფირმებისა და საწარმოების გაკოტრების ზვავი – ევროკავშირის ეკონომიკის ფაქტობრივი მკვლელობა, რუსეთის გამოთიშვა დოლარითა და ევროთი წარმოებული ოპერაციებიდან ამ ვალუტების მიმართ საყოველთაო ნდობას შეარყევს. რუსულ ექსპორტზე უარი ევროპელ მეწარმეებს უფრო მეტად დაარტყამს, ვიდრე რუსებს.
ევროპა და აშშ ისეთ ბრწყინვალე მდგომარეობაში არ არიან, რომ სხვა ქვეყნების ეკონომიკების განადგურება სცადონ. ნეტავ თავს გადაირჩენდნენ. ნახეთ, როგორ აისახა დოუ-ჯონსის ინდექსზე სანქციების მოლოდინიც კი. ის ერთ დღეში 830 პუნქტით დაეცა. Nasdaq-ზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. Meta-ს (ყოფილი Facebook) აქციები წლის დასაწყისიდან 40%-ით დაეცა, Netflix – ასევე, Nvidia და Tesla მეოთხედით გაუფასურდა, მათთან ერთად უფსკრულში მიექანებიან Microsoft, Amazon, Alphabet, რაზედაც, სხვათა შორის, ამას წინათ ვაფრთხილებდით.
რასაკვირველია, დასავლური მედია გვიმტკიცებს, რომ ეს „რუსეთის აგრესიის გამო ხდება“, მაგრამ სინამდვილეში ბაზრები ამ დღეში სწორედ იმ თვითმკვლელობის ტოლფასი სანქციების პოლიტიკის გამოა, რომელსაც სიხარულით აცხადებენ დასავლური ელიტები. დასავლელი პარტნიორები იმდენს იზამენ, რომ ბირჟის სრულ კრახს გამოკრავენ ხელს. მერე რაღა სანქციებზე ილაპარაკებენ?
და ეს ყველაფერი დასავლეთში შესანიშნავად ესმით. გაზეთ Guardian-ის კორესპონდენტს ახლა ბრიუსელიდან რეპორტაჟი მიჰყავს, სადაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები შესაძლო სანქციებს იხილავენ. იტალია, გერმანია და კვიპროსი ზოგიერთი სანქციის წინააღმდეგი არიან. საფრანგეთი და გერმანიაც პროცესს ამუხრუჭებენ და ელოდებიან აშშ-ისა და ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებას. მოკლედ, სიკვდილი არავის არ უნდა.
გარდა ეკონომიკური სანქციებისა, ევროპელები მზად არიან დიპლომატიური ხასიათის აღმზრდელობით ზომებზე წავიდნენ. ბალტიისპირელი ვეფხვები, მაგალითად, უკვე გამოდიან წინადადებით, არ მისცენ რუსებს ტურისტული ვიზები. პოლონეთიც იქვეა.
და ამით ამოიწურება უკრაინის მხარდაჭერა. თუ გვერდიდან შევხედავთ, ეს, რასაკვირველია, წმინდა წყლის ღალატია. ამერიკისა და ევროპის ელიტები სანიმუშოდ, საჩვენებლად, მთელი მსოფლიოს თვალწინ ტოვებენ კიევის ხუნტას. ვაშინგტონი თავის სატელიტებთან ერთად ტექნიკურად და ჩვეული წესით გაედინება ბრძოლის ველიდან. ავღანეთი, სინამდვილეში, ისვენებს.
რუსებისთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია გაბოროტების ის უკიდურესი ხარისხი, რომელსაც ბოლო დღეებში დასავლურმა ელიტებმა მიაღწიეს. რატომ ერევიან სლავების კამათში, აღვივებენ სიძულვილს, დაუღალავად ავრცელებენ ფეიკებს? აჯობებდა თავიანთი საქმისთვის მიეხედათ, მაგალითად, დოუ-ჯონსისთვის.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ თვალწინ ინგრევა მთელი ის ყალბი „ნაცმშენებლობა“, რომლითაც ბოლო 30 წელიწადი ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში იყო დაკავებული – ჩეხეთიდან მოლდოვამდე, ალბანეთიდან უკრაინამდე, საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების ნამსხვრევებზე. ეს ხდებოდა მცირეოდენი მოღალატე ელიტების ხელით და ხორციელდებოდა მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. მას არავინ უსმენდა. მას დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდნენ.
ანტისახალხო ხუნტები სხვადასხვა დედაქალაქში იგონებდნენ ისტორიას, საუბრობდნენ არარსებულ ენებზე, მართავდნენ მსვლელობებს, ადიდებდნენ ნაცისტებს. ხალხი ჩუმად უყურებდა ამას, მათ პოლიტიკისთვის არ ეცალათ, გადარჩენას ცდილობდნენ. აქედან – ფარსის უსიამოვნო გემო ყველა ამ ახალ სახელმწიფოში. ისინი დიდწილად უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოდ იქმნებოდა. დღეს კი მხოლოდ ნატოს ხიშტების ამარა არიან.
აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს, თავიანთი მარიონეტული ხელმძღვანელების აზრის საწინააღმდეგოდ, სურთ რუსეთთან მეგობრობა და მშვიდობა. ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა ამ ლიმიტროფულ ტერიტორიებზე თავს რუსებად მიიჩნევს. და სწორედ ამას ვხედავთ ახლა უკრაინაში, სადაც დიდად თავს არავინ იცხელებს რუსეთის არმიასთან ბრძოლით. იქ არავინაა, ვისაც შეიძლება ვეომოთ. იქ თითქმის ყველა ჩვენი ხალხია.
უკრაინელი სამხედროები მასობრივად ბარდებიან ტყვედ, მინისტრი შოიგუ კი გასცემს ბრძანებას, მოაწყონ მათთვის დერეფნები გასასვლელად და პატივისცემით მოეპყრონ. და ეს სწორია. მათთვის არც ცხელი წვნიანის დასხმა უნდა დაგვავიწყდეს. რადგან არავითარი უკრაინელი სამხედროები ბუნებაში არ არსებობენ, არიან უბრალო რუსები, თავგზააბნეული დასავლური პროპაგანდითა და კიევის ხუნტით.
რუსული ჯარის ოპერაციისთვის შეიძლებოდა დასვენების დღის ომი გვეწოდებინა. მაგრამ ეს ხომ ომი არც არის. ესაა კლასიკური სამშვიდობო მისია. არავითარი საფრთხე სამოქალაქო პირებისთვის, წერტილოვანი, იდეალურად გამოზომილი დარტყმები იარაღის საცავებზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასა და აეროპორტებზე. და, რაც ნიშანდობლივია, პრაქტიკულად არავის არ უნდა უკრაინაში კიევის რეჟიმის დაცვა.
რუსული არტილერია დღეს ანადგურებს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ანტირუსეთის იდეას. და ვაშინგტონში შეთხზულ ამ კონცეფციას არასდროს ჰქონია რეალური, მასობრივი მხარდაჭერა. ეს იყო დეკორაცია, რომელიც ახლა ინგრევა. უკრაინის გათავისუფლებული ხალხი კი, ბოლოს და ბოლოს, თავისი ბედის არჩევის შანსს მიიღებს.
ეს კარგი სიგნალია სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც. ღირს კი ხუნტებისთვის შრომა, რომლებიც ამერიკელი პატრონების პირველივე სიგნალზე თქვენც და თქვენს შვილებსაც კაპიკებად გაგყიდიან? გაგაკოტრებენ, თავს მოგახვევენ საზიზღარ, კაცთმოძულე იდეებს, შემდეგ კი უაზრო ომს მოგიწყობენ და სასიკვდილოდ გაგიშვებენ? თავისუფლება ახლოსაა, ჩვენები მოდიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0