კვირაში შვიდი პარასკევი და სასამართლოში ყურით მითრეული მოწმე: საინტერესო განმარტებები

© Pixabay / 131355ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე
ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
ჩვენს მეტყველებაში დამკვიდრებულია არაერთი ისეთი ფრაზა თუ გამონათქვამი, რომლებსაც გამუდმებით ვიყენებთ, მაგრამ ზოგი მათგანის მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს.
ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს განმარტებები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
კვირაში შვიდი პარასკევი აქვს - ძველად პარასკევი ბაზრობის დღედ იყო მიჩნეული. ამ დღეს კლიენტები ვაჭრებს საქონელს ნისიად ართმევდნენ და ფულს მომდევნო პარასკევს უხდიდნენ. მასზე, ვინც ნისიას დააგვიანებდა, ამბობდნენ, კვირაში შვიდი პარასკევი აქვსო.
ურწმუნო თომა - ქრისტეს მოციქულმა თომამ მანამდე არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თავად არ იხილა უფალი და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში. მას შემდეგ ურწმუნო თომას უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამ არ იჯერებენ არაფერს, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავენ.
ყურით მოთრევა - ძველი რომის კანონებით, თუ მოწმე ჩვენების მისაცემად სასამართლოზე არ გამოცხადდებოდა, მისი დასწრებით დაინტერესებულ მხარეს უფლება ჰქონდა, ყურიდან თრევით მიეყვანა იგი პროცესზე. აქედან მოდის გამოთქმა „ყურით მოთრეული.“
გველი გამიზრდია უბეში - ანტიკურ ხანაში პოპულარული იყო ზღაპარი „მგზავრი და გველი“. მისი შინაარსის თანახმად, გზად მიმავალმა მწირმა დაინახა გველი, რომელიც თოვლზე იყინებოდა. შეეცოდა მგზავრს ქვეწარმავალი, აიყვანა და უბეში შეისვა. მაგრამ როგორც კი გათბა, გველმა გადამრჩენელი დაკბინა. სწორედ ამიტომ ეს გამოთქმა გამოიყენება ადამიანზე, რომელიც სიკეთეზე ბოროტებით პასუხობს.
თაფლობის თვე - დაახლოებით 4 ათასი წლის წინ ბაბილონის სამეფოში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძლის მამა ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში ასმევდა სიძეს თაფლის ლუდს. ამიტომ ეწოდა ქორწინების შემდგომ პირველ თვეს თაფლობის თვე.
გედის სიმღერა - ძველ ბერძნულ მითებში არსებობს ლეგენდა, რომ გედი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ − სიკვდილის წინ მღერის. ამიტომაც გამოთქმა „გედის სიმღერა“ რაიმეს მოახლოებულ დასასრულს ნიშნავს.
ბედი ბრმაა - ძველი რომაელების წარმოდგენით, ბედნიერების ღმერთი ფორტუნა თვალახვეული დაჰქროდა და სიუხვის რქიდან ათასგვარ საჩუქარს აბნევდა. ვის გაუღიმებდა ბედი და ვის შეხვდებოდა საჩუქარი − არავინ იცოდა. ეს მთლიანად შემთხვევაზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც ამბობენ, ბედი ბრმააო.
მეშვიდე ცაზე ყოფნა - ამ ფრაზის ავტორი არისტოტელე იყო. მას მიაჩნდა, რომ ცის კამარა შვიდი სფეროსგან შედგებოდა, რომელზედაც ღვთიური არსებები სახლობდნენ. მეშვიდე წრე, ფილოსოფოსის აზრით, წმინდა სულების საუფლო იყო და ამ სულებს ღმერთები სამუდამო ნეტარებას ჩუქნიდნენ.
აინუნში არ აგდებს - „აინ“ არაბული სიტყვაა და ქართულად „თვალს“ ნიშნავს, „აინუნ“ კი − თვალებს. გამოთქმა დაახლოებით ნიშნავს „თვალში არ მოსდის“, „არაფრად აგდებს“ და ა.შ.
შენს პირს შაქარი - ძველი ჩვეულება იყო: კარგი და სასიხარულო ამბის მაუწყებელს შაქრის ნატეხს ჩაუდებდნენ ხოლმე პირში, რათა ვითომდა კარგის მაუწყებელი პირი დაეტკბოთ. მას შემდეგ ეს გამოთქმა ერთგვარ ნატვრა-ლოცვასავით შემორჩა კარგი ამბის მთქმელისთვის.
ყურმოჭრილი ყმა; ყურებზე ხახვი არ დამაჭრა - ეს გამოთქმები წმინდა ქართული წარმომავლობისაა. როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ძველ საქართველოში ყმისათვის ყურის მოჭრის ჩვეულება ყოფილა გავრცელებული. ყურმოჭრილ ყმას მებატონისგან გაქცევა აღარ შეეძლო, ის მის უერთგულეს (იძულებით) მსახურად მიიჩნეოდა. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როცა ნამდვილად ერთგულ ყმას, ბატონის პატივსაცემად, საკუთარი სურვილით მოუჭრია ყური.
ახლა „ყურმოჭრილ ყმას“ ისეთ ადამიანს უწოდებენ, რომელიც რაღაც მიზეზითაა იძულებული, ვინმეს ჭკუაზე იაროს.
და კიდევ: როდესაც ყმას ყურს აჭრიდნენ, მოშუშების მიზნით ჭრილობაზე დაკეპილ ხახვს აყრიდნენ. აქედან წამოვიდა გამოთქმა „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“, რაც ნიშნავს, ერთბაშად შენი მონა არ გავხდეო.
ყველა ახალი ამბავი
0