ფრთხილად! დედაენის პარკში სკინჰედები გამოჩნდნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
მოზარდებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თბილისში, დედაენის პარკში მოზარდებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, განუცხადეს Sputnik-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ კვარაცხელიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ თბილისში გამოჩნდა დაჯგუფება, რომელიც დედაენის პარკში ე.წ. „რეიდებს“ ატარებს. მისი თქმით, თითქმის ყოველდღე რიგითი გამვლელებიდან ვინმე ძალადობის მსხვერპლი ხდება.
კვარაცხელიამ სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღკვეთონ ძალადობის ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე სხვა დეტალებს ვერ გავასაჯაროვებთ“, – განაცხადეს შსს-ში.

სოციალურ ქსელში The-Sacred-War-ის გვერდზე გამოქვეყნებულია 18 თებერვლის ვიდეო, რომელშიც ჩანს, სავარაუდოდ, მოზარდის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ვიდეოს ავტორები საკუთარ თავს ნაციონალ-სოციალისტებს და სკინჰედებს უწოდებენ.
აგრესიული დაჯგუფებების გამოჩენამ მშობლების შეშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, შესაძლოა, ტანსაცმლის მკვეთრი ფერის, პირსინგის ან გრძელი თმის გამო მათი შვილები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
„ჩემი შვილი და მისი მეგობრები 13-14 წლის ფერადთმიან-პირსინგიანი თინეიჯერები არიან. როცა ადრე პარკში სასეირნოდ მიდიოდნენ, მშვიდად ვიყავი, თურმე ვცდებოდი, და რა უნდა ვქნა ახლა?“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
მშობლები რიგით გამვლელებს სთხოვენ, თუ ისინი მსგავსი თავდასხმის ფაქტს შეესწრებიან, პოლიცია გამოიძახონ. საპატრულო პოლიციის უმოქმედობის შემთხვევაში კი შსს-ს გენერალურ ინსპექციას დაუკავშირდნენ ნომერზე – 126.
ყველა ახალი ამბავი
0