წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

© courtesy of Georgian Aquatic Sports Federationსაქართველოს წყალბურთის ნაკრები
საქართველოს წყალბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის საგზური ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები მორიგ შეხვედრას 20 თებერვალს სლოვაკეთთან გამართავენ.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა პოლონეთთან მოიგო და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთი ტურით ადრე აიღო. ქართველმა წყალბურთელებმა პოლონეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 22:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელარუსს ასევე დიდი ანგარიშით 25:5 სძლია.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებმა ბელარუსს 19:8 მოუგო და მსგავსად საქართველოს ნაკრებისა ევროპის ჩემპიონატის საგზური ნაადრევად მოიპოვა.
შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში საქართველო და სლოვაკეთი ექვს-ექვსი ქულით ლიდერობენ. ჯგუფის მოწინავე ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 თებერვალს შედგება, სადაც გუნდები პირველი ადგილისთვის ითამაშებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, სადაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016 წელს მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018 წელს მე-13 ადგილი აიღეს, 2020 წელს კი ნაკრებმა მე-10 ადგილი დაისაკუთრა, რაც საქართველოს წყალბურთის ნაკრების საუკეთესო შედეგია.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ სპლიტში, 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0