შოთაძე: პროკურატურა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებს

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
საქართველოს გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭოს წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა აპირებს ბრძოლის გააქტიურებას დეზინფორმაციასთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
ეს განცხადება შოთაძემ გააკეთა საპროკურორო საბჭოში თავისი უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ყალბი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებამ არ უნდა შელახოს საზოგადოების ნდობა პროკურატურის მიმართ.

„სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და, ზოგადად, მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად ჩვენი პროკურორების დემოტივაციას“, – განაცხადა შოთაძემ.

მაგრამ, როგორც შოთაძემ აღნიშნა, ეს მცდელობები უშედეგოა.
„ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
შოთაძის თქმით, პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოების ინფორმირება უწყების საქმიანობის შესახებ, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
„სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად“, - განაცხადა შოთაძემ.
მან ასევე აღნიშნა პროკურატურის მიერ გასულ წელს გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალობის ასამაღლებლად, რაც, შოთაძის თქმით, გამოიხატა ინფორმაციის, განცხადებების პროაქტიულად გავრცელებით, ასევე გამართული ბრიფინგების უპრეცედენტო რაოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0