„გაგვიყვანეთ!“: ბათუმში ავარიული სახლის მობინადრეები განსახლებას ითხოვენ

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე ბათუმში
ავარიული სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
ბათუმის მერიას 2025 წლამდე ავარიული სახლებიდან 3 ათასი ოჯახის განსახლება მოუწევს, ერთ-ერთი სახლი მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს.
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებლები ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს, მათი განსახლების ვადის გასარკვევად შეხვდნენ.
მოსახლეობის თქმით, 13 თებერვალს ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, გაჩნდა ახალი ბზარები. მერიამ ხალხი ნაქირავებ ბინებში გადაიყვანა, მაგრამ მხოლოდ ორი დღით. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ორი დღის შემდეგ ადამიანებს უკან დაბრუნება მოუწიათ.
გუშინ ავარიული სახლის მოსახლეობამ განსახლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
„დროებით გაგვიყვანონ ნაქირავებში. ავარიულ სახლში როგორ ვიცხოვროთ. ან მერიამ მოთხოვოს ინვესტორს, დაამთავროს ეს სახლი და გვაღირსოს შიგნით შესვლა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მობინადრემ.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მერიას, საბინაო ამხანაგობასა და ინვესტორ კომპანიას შორის სამმხრივი შეთანხმება არის გაფორმებული. მერის თქმით, შეთანხმების მიხედვით მერიას ყველანაირი ვალდებულება აღნიშნული მოსახლეობის მიმართ მოეხსნა, არანაირი პრეტენზია მათ მერიის მიმართ აღარ ექმნებოდათ. მაგრამ ინვესტორის მიერ ვალდებულებების შესრულება გაჭიანურდა.
შეთანხმების გაუქმებამდე კი ინვესტორმა უნდა დააბრუნოს ის თანხები, რომლებიც მას ქალაქის მერიამ და მობინადრეებმა გადაურიცხეს.

„ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს სამართლებრივ რეჟიმში. მათ შორის ის თანხები, რაც აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტისგან, უნდა დააბრუნოს აღნიშნულმა ინვესტორმა. მოსახლეობას რა თანხებიც აქვს დარიცხული, ესეც უნდა გასწორდეს და დაბრუნდეს... ამის შემდგომ ჩვენ შევძლებთ ჩაგრთოთ ავარიული სახლების პროგრამაში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მერიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ავარიული სახლის მობინადრეებს დღის ბოლომდე შეხვდებიან და ყველა კითხვას დეტალურად უპასუხებენ. მობინადრეებისა და ჩიქოვანის შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
საქართველოს ბევრი ქალაქისთვის ავარიული სახლების პრობლემა ძალიან აქტუალურია. სიტუაცია გაუარესდა 13 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომლის მაგნიტუდამ ეპიცენტრში 6,2 ბალს აღწევდა.
პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ თანახმად, 2025 წლამდე ბათუმში ახალი საცხოვრებლით 3 ათასი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება.
ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს ბინები უკვე გადაეცა, რითაც პროექტის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო.
წყარო - „აჭარის ტელევიზია“
ყველა ახალი ამბავი
0