რაგბი: ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენად – „შავი ლომი" „ენისეის" მარტში შეხვდება

© Facebook / Black Lionრაგბი, „შავი ლომი"
რაგბი, „შავი ლომი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
გუნდებს შორის შეხვედრა გასულ წელს, ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა გართულებული ეპიდვითარების გამო მატჩი გადაიდო.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი" „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე რუსულ „ენისეისთან" დასკვნით მატჩს 6 მარტს სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე გამართავს.
აღნიშნული დაპირისპირებით გუნდები აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენენ. გარდა ამისა, ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრას მასპინძლის რანგში გამართავს. აღსანიშნავია, რომ „შავ ლომს" და „ენისეის" ევროპის სუპერთასის პლეი-ოფში გასვლა უკვე გარანტირებული აქვთ.
აღნიშნული მატჩი გასული წლის 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქართულმა ფრენჩაიზმა რუსეთში ჩასვლა ვერ მოახერხა.
კლუბებს შორის პირველ შეხვედრა, რომელიც თბილისში 11 დეკემბერს გაიმართა, „შავმა ლომმა" ანგარიშით 27:20 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 27 თებერვალს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ნაკრებებში კი სწორედ „შავი ლომისა" და „ენისეის" მოთამაშეები საკმაოდ მრავლად არიან.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „შავ ლომს" 20 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს, „ენისეი" კი 16 ქულით მეორე პოზიციაზეა. რუსულ გუნდს პირველ ადგილზე გასასვლელად მინიმუმ 7-ქულიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება. ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს" დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი პორტუგალიაში „ლუზიტანოსთან" გამართავს შეხვედრას.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 16 აპრილს გაიმართება, ფინალი კი 8 მაისს არის დაგეგმილი.
წყარო: „ენისეის" ვებ-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0