რამდენიმე უცნაური ამბავი სიყვარულზე: ნამდვილი ისტორიები

© Pixabay / congerdesignსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
14 თებერვალი მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც სიყვარულის დღე. თავიდან მას მხოლოდ კათოლიკური და პროტესტანტული სამყარო აღნიშნავდა, თუმცა მოგვიანებით დღესასწაულმა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი და ეს ტრადიცია ამ სივრცეშიც დამკვიდრდა.
ვინ იყო წმინდა ვალენტინი?
ვალენტინი III საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა იტალიაში. ერთი ვერსიით, ის ეკლესიიდან განკვეთილი ყოფილი აბატი იყო, სხვა ვერსიით — ყოფილი ეპისკოპოსი.
თქმულება გვამცნობს, რომ იმ დროს რომის იმპერატორმა თავის მეომრებს დაქორწინება აუკრძალა, რადგან ეს ჯარისკაცების სიფხიზლესა და თავდადებას ადუნებდა. ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს მეომრებს, შეყვარებულებს ერთმანეთისთვის წერილების წერაში ეხმარებოდა, ნაჩხუბრებს არიგებდა, ახალდაქორწინებულებს ყვავილებს ჩუქნიდა...
უფრო მეტიც, ეკლესიიდან განკვეთილი ლიბერალი სასულიერო პირი ჰომოსექსუალურ წყვილებსაც აქორწინებდა. თუმცა იცოდა ამისთვის რაც ელოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა ამ რისკზე.
ვალენტინს ფარული საქმიანობა გაუგეს და 269 წელს ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ, რომის იმპერატორ კლავდიუს მეორის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.
მოგვიანებით, 494 წელს რომის პაპმა გელასიუსმა ვალენტინი წმინდანთა სიაში შეიყვანა და მისი ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა. თუ რატომ მაინცდამაინც ეს დღე, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი ვერსიით, ვალენტინი ამ დღეს დასაჯეს სიკვდილით, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც.
ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. რომის პაპმა გელასიუს პირველმა აღვირახსნილი დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალა. ძველი, წარმართული დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით, რომელიც მეხუთე საუკუნიდან აღინიშნება როგორც „სიყვარულის დღე“.
რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, პოპულარულ ფრაზას „სიყვარული ბრმაა“ ასევე წმინდა ვალენტინის სახელს უკავშირებენ. ეს იმიტომ, რომ თურმე საპყრობილეში ყოფნისას მას თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი შეჰყვარებია...
„ვალენტინობასთან“ დაკავშირებით, ვფიქრობთ, მკითხველთათვის საინტერესო უნდა იყოს „სიყვარულით დაბრმავებულთა“ შესახებ რამდენიმე ტრაგიკული ისტორია.
***
ძველი წელთაღრიცხვის 44 წლის 15 თებერვალს ლუპერკალიების დღესასწაულზე მოკლული იულიუს კეისრის შემდეგ ძალაუფლება მარკუს ანტონიუსს დარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა გაიცნო, მან თავიც დაკარგა და ხელისუფლებაც.
მარკუს ანტონიუსმა რომი მიატოვა და საცხოვრებლად ეგვიპტის ალექსანდრიაში გადავიდა. იქ კი, სიყვარულით დაბრმავებულმა, კლეოპატრა რომის იმპერიის დედოფლად გამოაცხადა, რითაც ჯარიც გაიორგულა და მომხრეებიც. რომმა ანტონიუსის გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და მას ძალაუფლება ჩამოართვა.
მარკუს ანტონიუსს, ამ მართლა ნიჭიერ და გამოცდილ მხედართმავარს, თითქმის არაფერი გაუკეთებია ხელისუფლების დასაბრუნებლად. მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა — ძალაუფლებამაც, ფულმაც და სახელ-დიდებამაც. ოღონდ სათაყვანო კლეოპატრას გვერდით ყოფილიყო და სხვა ყველაფერს იოლად შეელია.
ძვ.წ.აღ. 31 წლის 2 ოქტომბერს აქციუმის ბრძოლა ანტონიუსმა ჯერ კიდევ მის დაწყებამდე წააგო. ანტონიუსმა ლაშქარი მიატოვა და ეგვიპტეში გაჰყვა კლეოპატრას. ჯარი ორი დღე ელოდა სარდალს. და როცა ის აღარა და აღარ გამოჩნდა ბრძოლის ველზე, მეომრები გაიუს ოქტავიანეს ბანაკში გადაბარგდნენ.
ანტონიუსმა დაკარგა ყველაფერი, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო, რამეთუ გვერდით კლეოპატრა ჰყავდა. ეგვიპტის დედოფალს კი ხელმოცარულ ანტონიუსთან საქმის დაჭერა აღარ სურდა, ამიტომ ალექსანდრიის სასახლიდან ფეხი ამოაკვეთინა.
ერთ დღეს კი ანტონიუსის ყურამდე კლეოპატრას დაღუპვის ამბავი მივიდა და მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
***
1936 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ედუარდ მეხუთე ავიდა. ამ ადამიანმა იმ დროის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერია მხოლოდ 325 დღე მართა — 1936 წლის 10 დეკემბერს ტახტიდან გადადგა.
საქმე ისაა, რომ ედუარდი არჩევანის წინაშე იდგა: ან საყვარელ ადამიანს უნდა დამშვიდობებოდა სამუდამოდ, ან სამეფო სკიპტრა უნდა დაეთმო.
და ის, როგორც უზომოდ შეყვარებულ მამაკაცს შეეფერება, თავისი ოჯახის, ინგლისის ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წავიდა და უგვარო, უტიტულო, ორჯერ განათხოვარ ამერიკელ უოლის უორფილდ სიმპსონზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც შეერთებულ შტატებში გადაბარგდა საცხოვრებლად.
***
ფაშისტური გერმანიის ავიაციის მინისტრს, რაიხსმარშალ ჰერმან გერინგს სამხედრო განათლება მოსკოვში ჰქონდა მიღებული. სტუდენტობისას მას ვინმე ოლია შეჰყვარებია, რომელიც წარმოშობით უკრაინის ქალაქ ვინიციდან ყოფილა.
სამხედრო სასწავლებლის გასრულების შემდეგ გერინგს მოსკოვის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, შეყვარებულთა გზებიც გაიყო.
გავიდა წლები და რაიხსმარშალ გერინგის „მესერშმიტებმა“ მიწაზე დაადუღეს საბჭოთა ქალაქები. მხოლოდ უკრაინული ვინიცა გადარჩა ხელუხლებელი. „რკინის გერინგმა“, იმის შიშით, რომ ოლია დამბომბვას არ შესწირვოდა, უარი თქვა ქალაქის განადგურებაზე.
უფრო მეტიც. თურმე იმის გაგებასაც კი ცდილობდა, თუ რა ბედი ეწია მის პირველ სიყვარულს, მაგრამ ვერაფერს გახდა. როგორც ამბობენ, ხუთი ქალბატონი მიუყვანიათ ვინიციდან, რომლებიც აღნაგობით თითქოს კიდეც ჩამოჰგავდნენ ოლიას, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ის, ვისაც ასე ეთაყვანებოდა რაიხსმარშალი.
***
ეს რომანტიკული ამბავი 1918 წლის ახალი წლის ღამეს მომხდარა.
პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებულ შტაბს-როტმისტრ ევგენი აფხაზავას ზემო სოლოლაკში სატრფო ჰყოლია. ახალგაზრდა ოფიცერი შეყვარებულს დაპირებია, ახალი წლის დადგომას შენთან შევხვდებიო, მაგრამ ამხანაგებთან ერთად ორთაჭალაში ქეიფს ისე შეჰყოლია, რომ 12-ის ნახევრამდე თავი ვერ დაუხსნია.
ბოლოს, როგორც იქნა, მეგობრებს დასხლტომია და ეტლით სოლოლაკისკენ გაუტევია. ერივნის (ამჟამად თავისუფლების) მოედანზე მისულს, ქალაქის სათათბიროს საათზე შეუმჩნევია, რომ ახალი წლის დადგომას 5 წუთიღა აკლდა. მოკლედ, დანაპირების შესრულებას ვერ ასწრებდა ოფიცერი.
რა უნდა ექნა? შიდა კიბით სასწრაფოდ სახურავზე ავარდნილა და მოხუცი მესაათისთვის „უთხოვია“, რომ საათის ისრები 15 წუთით უკან გადაეწია...
ასე დადგა იმ წელს თბილისში ახალი წელი 15 წუთით გვიან!
ყველა ახალი ამბავი
0