რამდენ ბალს გაუძლებს თბილისი? სეისმოლოგის მოსაზრება

© photo: Sputnik / Goga Vardzieliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
სეისმოლოგის განცხადებით, კვირას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისში რომ ყოფილიყო, შედეგი გაცილებით მძიმე იქნებოდა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ თბილისი მიწისძვრების ეპიცენტრი გახდება, მაშინ 4-5 ბალის მაგნიტუდის ბიძგები დედაქალაქისთვის საკმაოდ სახიფათო იქნება, განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.
გუშინ, 22:25 საათზე საქართველოს სამხრეთით 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თბილისიდან 60 კილომეტრში, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

„თუ ეპიცენტრი თბილისი იქნება, დედაქალაქისთვის 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც კი შეიძლება სახიფათოდ ჩავთვალოთ“, – განაცხადა სუხიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, მიწისძვრისას რამდენად შეიძლება დაზიანდეს შენობები, განსაკუთრებით ე.წ. იტალიურ ეზოებში, გეოლოგმა უპასუხა, რომ დედაქალაქში არსებული თითოეული შენობა ინდივიდუალურ შესწავლას საჭიროებს. მისი თქმით, ზოგიერთმა „იტალიურმა ეზომ“ შიძლება ისეთ მიწისქვეშა ბიძგებს გაუძლოს, რომელსაც ახლადაშენებული კორპუსებიც კი ვერ გაუძლებს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ე.წ. „ხრუშჩოვკებს“ ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ და, შესაძლოა, რაიმე ავარიული სიტუაცია მიწისძვრის გარეშეც შეიქმნას“, – განაცხადა სუხიშვილმა.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
ჩამონგრეული კედელი და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა: სამებასთან მომხდარი მიწისძვრის შედეგები
გეოლოგმა გუშინდელი შემთხვევა 2002 წლის აპრილის მიწისძვრას შეადარა და აღნიშნა, რომ მაშინ ეპიცენტრი იყო თბილისი, მარცხენა სანაპირო. მაშინ დედაქალაქში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე დიდი არ იყო, მან დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ასობით შენობა ავარიული გახდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

„რაც შეეხება გუშინდელ მიწისძვრას, ის 6 მაგნიტუდის ფარგლებში იყო, რაც, ბუნებრივია, 4,5-ს მნიშვნელოვნად აღემატება, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს მიწისძვრა მოხდა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით, ჯავახეთის ქედზე. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეპიცენტრი თბილისი იქნებოდა – ეს არის ძალიან ცუდი სცენარი“, – განაცხადა სუხიშვილმა.

რაც შეეხება მიწისძვრის დროს უსაფრთხოების ზომებს, გეოლოგის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ სართულზე იმყოფება ადამიანი. ყველაზე მთავარია შენობაში დარჩენა და სიმშვიდის შენარჩუნება.
„ტრადიციული პრაქტიკა, რომ ყველა დაბლა ჩადის, არაფრით არ არის გამართლებული. თუ მიწისძვრის დროს გარეთ ვართ, შენობაში არ უნდა შევიდეთ. შენობაში გადაადგილება, როგორც წესი, გულისხმობს კიბის, ან ლიფტის გამოყენებას, მიწისძვრის დროს არცერთის გამოყენება არ შეიძლება", – განაცხადა სუხიშვილმა.
საქართველოს სამხრეთით გუშინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მთელი ღამის მანძილზე ბიძგები ექვსჯერ დაფიქსირდა, მათგან მინიმალური სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი (7 მაგნიტუდის) მიწისძვრა საქართველოში 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მაშინ მიწისძვრას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.
წყარო: რუსთავი 2
ყველა ახალი ამბავი
0