„მეტს იმსახურებენ“: „ქართული ოცნება“ პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება გზას გაუხსნის ქალებს მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს, - გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, განაცხადა პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა.
„სხვადასხვა გარემოებების გამო, ჩვენმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში შეძლო 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა. ხოლო საკრებულოს კანდიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო მაღალ წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს მმართველი პარტიის ქალი წევრების „კარიერულ ზრდას და გზას გაუხსნის მათ მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში“, აღნიშნა კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ყველა მდივანი (გენერალური, აღმასრულებელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოლიტიკური, საერთაშორისო, რეგიონული) მამაკაცია. მაგრამ პოლიტსაბჭოში ქალები არიან წარმოდგენილი - ესაა თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი.
პოლიტიკური ძალის წესდებაში პარტიის ქალთა ორგანიზაცია ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
წყარო - „ქართული ოცნება“
ყველა ახალი ამბავი
0