როგორ მიმდინარეობს „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმება - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

© photo: Sputnikთბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასი“
თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
თბილისში მოქმედი ენერგოგამანაწილებელი და ენერგომიმწოდებელი კომპანიების შემოწმება ერთ თვეს გაგრძელდება და 3 მარტს დასრულდება
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თბილისში მოქმედი ენერგოგამანაწილებელი და ენერგომიმწოდებელი კომპანიების - „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განუცხადა ჟურნალისტებს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სპეციალისტები „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებას აწარმოებენ. შემოწმება დაიწყო მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ზედმეტ დარიცხვებს. შემოწმების პროცესში ენერგოომბუდსმენის აპარატიც ჩაერთო.
სამუშაო ჯგუფმა დარიცხვების სისწორის შემოწმება 3 მარტამდე უნდა მოასწროს.
„ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც აუცილებელია შემოწმებისთვის“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენის თქმით, ენერგოგამანაწილებელი კომპანიები კომისიასთან თანამშრომლობენ და დაინტერესებული არიან, რომ ყველა შესაძლო პრობლემა გამოვლინდეს.
გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფი ტელეფონით უკავშირდება აბონენტებს, რათა მათგან შეიტყოს გაზრდილი დარიცხვების სავარაუდო მიზეზები.
„საჩივრები საკმაოდ ბევრია... ერთხელ და სამუდამოდ კომპანიაში უნდა დალაგდეს მენეჯმენტი, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. რეციდივი აღარ უნდა მოხდეს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისი თქმით, გადაიხედება აბსოლუტურად ყველა აბონენტის ანგარიში, მიუხედავად იმისა, მიმართეს თუ არა მათ საჩივრით კომისიას.
ენერგოომბუდსმენმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია კომპანიებში მიმდინარე შემოწმებებზე.
„სემეკს“ მოუწევს ნახევარი მილიონი აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის ამსახველი ანგარიშების და მრიცხველების დარიცხვების შესაბამისობის დადგენა.
საუბარია 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მიღებულ ქვითრებზე.
ენერგოომბუდსმენი: აბონენტებს მოხმარებული დენის ზედმეტად დარიცხული საფასური დაუბრუნდებათ >>
ეს უკვე მეორე შემოწმებაა, რომელიც ბოლო დროს ენერგოგამანაწილებელ და ენერგომიმწოდებელ კომპანიებში ტარდება. აგვისტოში არასწორი დარიცხვების გამო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანიას ერთ თვეში დარიცხვების გადაანგარიშება უნდა გაეკეთებინა და კომისიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც შესრულდა. მაგრამ ოქტომბერში არასწორი დარიცხვების გამო მან კიდევ ერთი შენიშვნა მიიღო.
დეკემბერში კომპანიამ დარიცხვების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველების ჩვენება თვის ბოლო ოთხ რიცხვში უნდა აიღონ, ხოლო აბონენტებმა ქვითრები მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა მიიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0