რამხელა თანხა გამოიმუშავა საპენსიო სააგენტომ იანვარში

© photo: Sputnik / Stringerქართული ეროვნული ვალუტა - ლარი
ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
საპენსიო ფონდის შემოსავლების ყოველთვიური ანგარიში ყოველთვიურად გამოქვეყნდება
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. 2022 წლის იანვრისთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.063 მილიარდ ლარს შეადგენს, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ბოლო ანგარიშში.
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. ანგარიში, რომელიც სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად განთავსდება, მოიცავს ინფორმაციას საინვესტიციო ამონაგების, აქტივების განაწილებისა და პორტფელის რისკის პარამეტრების შესახებ.
ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით 32,37%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4,84% შეადგინა.

საინვესტიციო პოლიტიკა

საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ 2020 წელს შემუშავდა და დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
აღნიშნულია, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არის საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი საინვესტიციო დოკუმენტი და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.
დოკუმენტის თანახმად, ინვესტირების მიზანს წარმოადგენს დადებითი რეალური ამონაგების მიღება მაღალი სანდოობით (95 ან 95-ზე მეტი პროცენტობის ალბათობით), ასევე საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია.
ამისათვის განისაზღვრა მიზნობრივი პორტფელი და რისკის ზღვრული მაჩვენებლები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტმა რისკების მართვისადმი მიდგომა უფრო გააძლიერა. რისკების მართვის პროცესში სააგენტო იყენებს „სამი ხაზის დაცვის“ პრინციპს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.
პირველი ხაზი - ესაა თავად საინვესტიციო სამსახური, რომელიც საინვესტიციო და საოპერაციო რისკებზეა პასუხისმგებელი. მეორე ხაზი - რისკის მთავარი ოფიცერი, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს საინვესტიციო პორტფელის და ტრანზაქციების შესაბამისობას. მესამე ხაზი - აუდიტორული მართვა, რომელიც საინვესტიციო სამსახურის და რისკის მთავარი ოფიცრის მუშაობის დამოუკიდებელ შემოწმებას სრულად უზრუნველყოფს.

საპენსიო დაბანდებები

ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა 1,2 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს. დაგროვებითი პენსიის მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება - თვეში, საშუალოდ, 11 ათასი ადამიანით.
დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და სავალდებულო ხასიათს ატარებს.
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით >>
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.
დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო აქტივები სრულად ლარშია დაბანდებული.
საპენსიო აქტივების პირველი ინვესტიცია - 560 მლნ ლარის ოდენობით - სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა და თანხა მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში დააბანდა.
წყარო - საპენსიო სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0