სტუ-ის დაარსებიდან 100 წლისთავი UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები UNESCO-ს ლოგოთი ჩატარდება.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავი UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ გასული წლის ნოემბერში იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.
UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიამ დაამტკიცა იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2022-2023 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. დამტკიცებულ თარიღთა შორისაა საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციაც.

„UNESCO-ს მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეს ღირსშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს უმაღლესი საინჟინრო სკოლისადმი პატივისცემას“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

გურგენიძის განცხადებით, UNESCO-ს მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეს ნუსხაში შეყვანა არის საქართველოს მეცნიერების, მკვლევრების მოღვაწეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცის მორიგი აღიარება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ადრე ცნობილი, როგორც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1922 წელს დაარსდა. აქ პირველი ლექცია წაიკითხა ცნობილმა მათემატიკოსმა და პროფესორმა ანდრია რაზმაძემ. ამჟამინდელი სახელი და სტატუსი მას 1990 წელს მიენიჭა.
სტუ ერთ-ერთ წამყვან და უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. ის მოიცავს 12 ფაკულტეტს, სადაც დაახლოებით 25 ათასი სტუდენტი სწავლობს.
წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ყველა ახალი ამბავი
0