საკადრო გადალაგება მთავრობაში: ხელისუფლების და ოპოზიციის რეაქცია

© Facebook / Georgian Dreamირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
საქართველოს პოლიტიკური წრეები სამთავრობო ცვლილებებს ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აძლევენ.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტში მომხდარ ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეცვალა. ნათია თურნავას ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს გაუძღვება ლევან დავითაშვილი, რომელიც მანამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვა მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ ჩაიბარა.

„ჯანსაღი პროცესია, როდესაც მთავრობაში ცვლილებები და ერთი მინისტრის მეორე მინისტრით ჩანაცვლება ხორციელდება. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, კაბინეტს ის ხელმძღვანელობს... სამთავრობო ცვლილებები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

დავითაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას მიესალმა პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
„ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, უაღრესად პატიოსანი და შესანიშნავი პროფესიონალია, რომელმაც ბევრი შეძლო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სწორედ ასეთი ძლიერი, გამოცდილი ხელი სჭირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“, – განაცხადა ბითაძემ.
არის თუ არა მოსალოდნელი დამატებითი ცვლილებები ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში? მსგავს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ჯერ არ ადასტურებენ.
„არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს. თუ ეს არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პირველი სიტყვა ამ დროს ეკუთვნის მმართველ პარტიას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ოპოზიციის რეაქცია

ეს არის ტექნიკური გადაადგილება და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„მოდიან ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს. ვიღაც შეიძლება დიდი ხანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, მაგრამ ის, რომ არავინ იცნობს და არ ვიცით, რა გაუკეთებია, თავისთავად მიუთითებს, რომ დიდს არაფერს უნდა ველოდოთ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მთავრობაში საკადრო ცვლილებებისგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

„მინისტრები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიცვალა, ერთნაირად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა. ლარის კურსი, ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ჯერ შენელება, მერე გაჩერება, ბიუროკრატიის ზრდა – ეს ყველაფერი მათი გადაწყვეტილებების შედეგია“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოლო პერიოდში ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომისა და ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდა. ბოლო ასეთი აქციები სამშაბათს ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობებთან გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0