საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნა

© Pixabay / Pixabayპლანშეტი
პლანშეტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" საერთაშორისო მოძრაობაა, რომელსაც ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან" (Safer Internet Day 2022) დაკავშირებით ონლაინ–კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" 2005 წლიდან თებერვლის მეორე კვირის სამშაბათს აღინიშნება. მისი მიზანი ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
საქართველო შეუერთდა მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას, განსაკუთრებით, ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობისთვის.
ვიდეო-კონფერენციაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების გამოწვევებზე, ასევე ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა: თურნავას განმარტება
„კომუნიკაციების კომისიის ამოცანაა, შევქმნათ უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტ-სივრცე და ხელი შევუწყოთ ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას. ევროპული წარმატებული პრაქტიკის შესწავლისა და გამოყენების შედეგად ვახორციელებთ არაერთ პროექტს, რომელიც ციფრული წიგნიერების განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა მახარაძემ.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ საქართველოში პირველად 2019 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ-საზოგადოება „საქართველოს" ორგანიზებით აღინიშნა.
საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. 2020 წელს მსოფლიო ბანკმა 35,7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის ფართოზოლიან ინტერნეტთან დაკავშირება ხელმისაწვდომ ფასად და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის ზრდა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. პროექტს ხუთი წლის მანძილზე განახორციელებს კომპანია Open Net კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
Log in Georgia-ს ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1.000-მდე დასახლებულ პუნქტში (მათ შორის მაღალმთიან სოფლებში), რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500.000 ადამიანი.
წყარო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ყველა ახალი ამბავი
0