საქართველოში იზოლაციის ვადა, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ან კონტაქტში მყოფ პირთა იზოლაციის ვადები გადაიხედება. შესაბამისი დავალება ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მისცა.
საუბარია ასიმპტომური მოქალაქეებისთვის იზოლაციის ვადის რვიდან ხუთ დღემდე შემცირებაზე.
საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 95% კორონავირუსის ახალ „ომიკრონ“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები აწარმოებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვისას აქცენტი გაკეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვაც პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია. აღნიშნული ცვლილება პირველ რიგში სამედიცინო პერსონალს შეეხება.
„სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათ დროულ დაბრუნებაში შესაძლებელია დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის ხუთ დღემდე შემცირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები 17 იანვრიდან შემცირდა. დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად:
- ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია–კარანტინის ვადა რვა დღეა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
- საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
არავაქცინირებული პირების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში პირი კარანტინში იყოს. კარანტინის დასრულებიდან 9-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუ კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზით, ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირიდან 90 დღემდე ვადაში კარანტინისგან თავისუფლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0