გიგი უგულავას ახალი ინიციატივა: რა შანსები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
ოპოზიციის გაერთიანების იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი დღის წესრიგით აგრძელებენ ცხოვრებას
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინიციატივამ „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებისა და ახალი ძალის შექმნის შესახებ, პოლიტიკოსებს შორის კამათი გამოიწვია.
ახლა დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა და პარტიებმა უნდა იპოვონ საერთო გზები დიდი კოალიციის შესაქმნელად, განაცხადა უგულავამ.
დღეისათვის 67-კაციანი საპარლამენტო ოპოზიცია წარმოდგენილია გაფანტული ფრაქციებითა და პოლიტიკური ჯგუფებით, საკუთარი დღის წესრიგითა და ინიციატივებით.

„ასეთ პირობებში ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს ბუნებრივად ექნება მოთხოვნა ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს ისე რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს. ასე ყალიბდება პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და შიდა კოალიციები. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა“, - დაწერა გიგი უგულავამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი ამოცანის შესასრულებლად „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს უფრო ქმედითი პარტია და აქტიურად იმუშაოს როგორც პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის აჩვენებდეს განსხვავებას მმართველი ძალისგან.
მისი თქმით, დღეს იქმნება ისეთი სურათი, როდესაც ქვეყანაში ორი წამყვანი პარტიის: მმართველი ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არსებობს მესამე ძალაც, რომელიც დღეისათვის ცალკე არსებობს, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში შეუძლია სერიოზულად შეარყიოს მმართველი პარტიის პოზიციები.
მისი თქმით, ამ ბლოკს შეუძლია გააერთიანოს ბანკირი მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ასევე ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, „ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე და „მესამე ძალის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ეს იქნებოდა „თეთრსაყელოიანთა", უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია". რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას „ოცნებას“, - დაწერა უგულავამ.

ოპოზიციის რეაქცია ინიციატივაზე

ყველაზე მსხვილ ოპოზიცურ პარტიაში დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იდეასთან დაკავშირებით უმალვე განაცხადეს, რომ პარტიაში არც კი უმსჯელიათ იმაზე, რომ პარტია ყველასათვის უნივერსალური გახდეს.
„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი, ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები და პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ როდის მოხდება კოალიციის ჩამოყალიბება - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, დღეს ასეთი საკითხი არ დგას.
უგულავას იდეას მხარი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც არ დაუჭირეს.
„ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
უარი თქვეს ამ იდეაზე ასევე პარტიაში „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„სწორედ ეს უნდა „ქართულ ოცნებას", რომ ყველა გახადოს „ნაციონალური მოძრაობა", რომ მერე ილაპარაკოს - „ყველანი „ნაციონალური მოძრაობა" ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში". ამიტომ ჩვენი ამოცანაა განსხვავებული მიდგომების ჩვენება. ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებისთვის არ არიან მზად არც პარტიაში „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
„ჩვენი იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან“, - განმარტა პარტიის პოზიცია მისმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
არ სჯერათ ოპოზიციის გაერთიანებისა არც მმართველ პარტიაში.
„გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა, ერთ წრეზე ტრიალებენ“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ.
ამგვარად, ოპოზიციის გაერთიანების იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი დღის წესრიგით აგრძელებენ ფუნქციონირებას.
ოპოზიციას ადრეც ჰქონდა გაერთიანების მცდელობები, მაგრამ ყველა ეს მცდელობა არჩევნების წინ ჩავარდა შიდა უთანხმოებისა და პოლიტიკური ამბიციების გამო.
წყარო - გიგი უგულავას Facebook-გვერდი.
ყველა ახალი ამბავი
0