დიდგორის ბრძოლა კომპიუტერულ თამაშში: დღეს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

© Sputnik / STRINGERდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაში „დიდგორის“ ანიმაციური ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში „დიდგორი“ იქმნება.
უწყების ცნობით, სამინისტრომ ახალგაზრდების ციფრული მედიის მიმართ მზარდი ინტერესი გაითვალისწინა და ამის საფუძველზე ისეთი პროექტის შექმნა გადაწყდა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და ახალგაზრდებში მის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია მაისის დასაწყისში იგეგმება. უწყების ცნობით, დიდგორის ბრძოლიდან 900 წლისთავის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მაშინდელი მოვლენების რეალისტური სურათის აღდგენა მოხდება.

„თამაშის მექანიკა აგებული იქნება ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტური, ხოლო ილეთები ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზე დაფუძნებული იქნება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად კომპიუტერული თამაშის შექმნას სახელმწიფო აფინანსებს. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა.
კომპიუტერული თამაში „დიდგორის“ ანიმაციური ვიდეო კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის „ძლევაი საკვირველის" ფარგლებში შეიქმნა.
კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „სილესტიალ დიმენშენმა“ ქართული კომპიუტერული თამაში „დიდგორის“ ტრეილერი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარუდგინა.
კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე.
დიდგორის ბრძოლა, იგივე „ძლევაი საკვირველი" 1121 წელს დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მტრის ჯარი რამდენჯერმე აღემატებოდა ქართველი მეომრების რაოდენობას, ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
წყარო: კულტურის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0