თბილისში 46 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა – ვიდეო

© Pixabay / Schluesseldienstბინის გასაღები
ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ კიდევ 46 ოჯახს გადაეცა, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლსა“ და ყოფილ სასტუმრო „ოქროს საწმისში“ მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.
ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი ესწრებოდნენ.
სირბილაძის თქმით, 2022-2024 წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება 13.000 დევნილი ოჯახი.
უწყების ცნობით, გასულ კვირაში ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ასევე 2022 წელს ეტაპობრივად „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
განსახლების რამდენიმე მოდელი არსებობს. ერთ-ერთი გულისხმობს, რომ დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის მაქსიმალური ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ>>
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სურვილის შემთხვევაში დევნილ ოჯახებს აგრეთვე შესაძლებლობა აქვთ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვს.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ყველა ახალი ამბავი
0