ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები რუსთაველის გამზირზე
ავტომობილები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2022
გამოწერა
დამრღვევებს არამხოლოდ აჯარიმებენ, არამედ მართვის უფლებაზე დარიცხულ ქულებს აკლებენ
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 3,2 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
1. სიჩქარის გადაჭარბება
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2021 წელს ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 888.004 ჯარიმა - 50 ლარი.
2. პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2021 წელს გამოიწერა 552.967 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
3. ტექდათვალიერების არარსებობა
მესამე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 506.826 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 486.702 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
5. ტელეფონზე საუბარი ავტომობილის მართვის დროს
ამ დარღვევისთვის გამოიწერა 97.656 ჯარიმა - 30 ლარი.

ვიდეოჯარიმები და ქულები

დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2021 წელს საქართველოში 103,4 მილიონი ლარის ოდენობით 2.349.422 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 46,9 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 305.676 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 94 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
ყველა ახალი ამბავი
0