თუ ფეხი იღრძეთ: პირველი დახმარება და მოსალოდნელი გართულებები

© Pixabay / whitesessionფეხის ტკივილი
ფეხის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
ტერფის მყესების დაჭიმვა ძალიან გავრცელებული დაზიანებაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება, მით უმეტეს, სპორტში.
ხალხში ამას „კოჭის გადაბრუნებას“, ან „სახსრის ღრძობას“ ეძახიან და ხშირ შემთხვევაში სათანადო ყურადღებას არც აქცევენ — პრინციპით, „თვითონ გამივლის“.
ამ დროს კი ეს საკმაოდ სერიოზული ტრავმაა, რომელმაც, შესაძლოა, საბოლოოდ კოჭლობა, ხოლო მძიმე შემთხვევებში — სახსრის ფუნქციების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
ამიტომაც აუცილებელია, რომ კოჭის გადაბრუნებისა თუ სახსრის ღრძობის შემთხვევაში დროულად დაიწყოთ მკურნალობა და მკაცრად დაიცვათ ექიმის დანიშნულება.
ქვემოთ ჩვენ გაგაცნობთ, რა შეიძლება გახდეს ტერფის მყესების დაჭიმულობისა თუ გაწყვეტის მიზეზი, რა სიმპტომები ახასიათებს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა სახის პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ დაშავებულს.

მიზეზები

ტერფის ტრავმირების ძირითადი მიზეზი — ზედმეტი დატვირთვის გამო სახსრის (ან სახსრების) დაჭიმვა ან გაწყვეტაა. ყველაზე ხშირად ასეთი რამ სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს ემართებათ ვარჯიშისას, თუმცა არც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება ნაკლებად.
ექიმების თქმით, ფეხის ღრძობის ალბათობა მაღალია, თუ:
გაცვიათ მოუხერხებელი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
გაქვთ ქვედა კიდურებისა თუ ტერფის თაღის ანომალიები;
გაწუხებთ ჭარბი წონა;
ზედმეტად იტვირთებით ფიზიკურად;
არასწორად ვარჯიშობთ (მაგალითად, ხტუნაობთ);
გაქვთ ართროზი, ართრიტი ან შაქრიანი დიაბეტი;
დარბიხართ ან დადიხართ არასწორ ზედაპირზე.

სიმპტომები

როგორც წესი, მყესის დაჭიმვის სიმპტომი — ტრავმის მომენტში მკვეთრი ტკივილია. ამასთან ადამიანს უჭირს ტერფის შებრუნება ან ფეხის მყარად დადგმა. დაზიანებულ ადგილზე ჩნდება შესივება და სიწითლე.
რაც შეეხება მყესების გაწყვეტას, მისი სიმპტომებია:
მტკივანი ფეხის დადგმა შეუძლებელია;
მცირდება შეგრძნება ტერფში;
სახსარი ხდება უკიდურესად მოძრავი;
ჩნდება სილურჯე და ჰემატომა.

გართულებები

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ადეკვატური მკურნალობა დროულად არ დაიწყება, შესაძლოა შეშუპება და ჰემატომა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს, ასევე განვითარდეს ტერფის სახსრის ქრონიკული არასტაბილურობა, ჩამოყალიბდეს არასწორი მოძრაობის სტერეოტიპი და სიარულის დარღვევა (კოჭლობა).
ტერფის სახსრის დაზიანებისას ზოგჯერ ჩნდება სინოვიტი — ანთებითი პროცესი სინოვიალურ გარსში, რომელიც სახსრის ღრუში სითხის დაგროვებით ხასიათდება. პაციენტს აწუხებს შეშუპება, სიმძიმისა და სისავსის შეგრძნება სახსარში.
გარდა ამისა, მოსალოდნელია შემდეგი გართულებები:
მყესებისა და სახსრების ართრიტი, ტენდინიტი ან ეპიკონდილიტი;
მუხლ-სახსრის გონართროზი;
კოჭის ამოვარდნა;
ნერვების მოჭეჭყვა და მათი ფუნქციის დაკარგვა;
ქრონიკული ტკივილები არასწორი შეხორცებისას.

გახსოვდეთ: ხშირმა ტრავმებმა შესაძლოა გამოიწვიოს დეგენერატიული ცვლილებები, მაგალითად, ტერფის ვალგუსური დეფორმაცია!

პირველი დახმარება

ფეხის ღრძობის დროს, სანამ დაშავებულს ექიმი მოინახულებს, პირველ რიგში:
გახადეთ მას ფეხსაცმელი და წინდები, აუწიეთ და დაუფიქსირეთ ფეხი მომაღლოდ — ეს შეშუპებას შეამცირებს;
დაადეთ ცივი კომპრესი მტკივან ადგილზე არაუმეტეს 15 წუთისა — შეგიძლიათ გამოიყენოთ ტილოში გახვეული ყინული, ცივი „გრელკა“ ან გაყინული პროდუქტიც კი. გაიმეორეთ კომპრესები ყოველ ორ საათში ერთხელ;
გადაუხვიეთ ნაღრძობი ფეხი ელასტიკური ბინტით ან დაადეთ არტაშანი. თუ ამ უკანასკნელს გამოიყენებთ, ფეხსა და არტახს შორის მოათავსეთ რბილი მასალა, მაგალითად, ბამბა;
აუცილებლობის შემთხვევაში დაშავებულს მიეცით ტკივილგამაყუჩებელი.

რეკომენდებული არ არის:

მტკივანი კიდურის დაზელვა ან ცხელი აბაზანის (შხაპის) მიღება;
დაშავებული კიდურის დადგმა და მასზე დაყრდნობა.
ფეხიდან სახვევის მოხსნა ღამით მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0