ივრის ხეობაში მომუშავე კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

© Pixabay / Antraniasღია კარიერი
ღია კარიერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, მდინარის ხეობაში არსებული კარიერები ხელს უშლის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ივრის ხეობაში არსებულ კარიერზე მომუშავე სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა, ნათქვამია ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საწარმოების კონტროლის სპეციალისტმა მიხეილ ბურნაძემ განაცხადა, უწყებამ საწარმოების შესწავლა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წერილის საფუძველზე დაიწყო.
ბურნაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ტერიტორიაზე ოთხი საწარმოდან ერთი ფუნქციონირებდა. ამ საწარმოში გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, მათ შორის მდინარის დაბინძურების ფაქტები საწარმოდან გამოსული წყლების ჩაშვების შედეგად. გამოწერილია ადმინისტრაციული ოქმი. სპეციალისტებმა დაადგინეს შეწონილი ნაწილაკების ნორმის გადაჭარბება და დარღვევების შედეგად ზიანის ოდენობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საწარმოს წარმომადგენელს სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, რომლის საფუძველიც, გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმის 277-ჯერ გადაჭარბებაც გახდა.
ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული საწარმოების საქმიანობით გარკვეულწილად შეფერხდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის განხორციელება, ასევე პრობლემები შეიქმნა სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებისთვის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროცესში.
„აღნიშნული კარიერები ხელს უშლის ხუთი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას და ასევე აბინძურებს წყალს, რომელიც მიედინება სოფელ სართიჭალაში. დაიწყება შესწავლა, რამდენად კანონიერად ფუნქციონირება აღნიშნული კარიერები“, - განაცხადა გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა.
შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე პირადად დაესწრო.
მისი განცხადებით, არც ერთ კომპანიას არ მიეცემა საშუალება, რომ ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს.
წყარო - ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0