შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 82 წლის მამაკაცს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
შემთხვევა 30 იანვარს გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს 82 წლის მამამ შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამ დროისათვის 47 წლის დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბრალდებულის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, მაგრამ მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლების განმავლობაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

„მის მიმართ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. როდესაც ძალადობას ვამბობ, ვგულისხმობ ფიზიკურსაც. ამის დასტურად ბრალდებულმა მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებებიც აჩვენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანებების ხარისხის შესაფასებლად დაინიშნა ექსპერტიზაც“, – განაცხადა უფლებადამცველმა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0