საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორებისთვის საგრანტო კონკურსები გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
სამი საგრანტო პროგრამა მიმართულია სამშობლოსთან ქართული დიასპორების კავშირების განსამტკიცებლად.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორებისთვის გამოცხადებულია სამი საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მხარდაჭერა“, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტის „უცხოეთში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მხარდაჭერა“ მიზანია სამშობლოსთან ქართული დიასპორების კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის ხელშეწყობა, ასევე საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
„პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად საქართველოს საზღვრებს გარეთ მოქმედებს 117 ქართული ანსამბლი.
კონკურსი 2022 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. განაცხადების განხილვის შემდეგ კომისია დაასახელებს გამარჯვებულებს. კომისიის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე: folk@mfa.gov.ge.
გამოცხადებულია ასევე განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამაზე „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“. ამ შემთხვევაშიც განაცხადები 6 მარტამდე მიიღება.
აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.
საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად მისამართზე - grantebi@mfa.gov.ge.
პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეები შეძლებენ გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“ ერთი წლით და საქართველო ადგილსამყოფელ ქვეყნებში წარადგინონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს.
ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 30 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება.
„ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს.
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge
წყარო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0