კალაძე: უსახლკარო ოჯახების ნაწილი ბინას ამ თვეში მიიღებს, თუმცა დაუშვებელია თაღლითობა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება ჩვენი დაპირება იყო და ამ სტატუსის მქონე პირები საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან, აღნიშნა მერმა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისში მყოფი უსახლკარო ოჯახების დიდი ნაწილი თებერვალში საცხოვრებელ ფართებს მიიღებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და მიმდინარე თვეში საცხოვრებელი ფართით უკვე 15-16 ოჯახი დაკმაყოფილდება.
კახა კალაძე სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ორხევში მცხოვრები ადამიანების საკითხსაც, რომელთა მფლობელობაში მყოფი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ განახორციელა.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს პირები დედაქალაქში ფლობენ სხვა საცხოვრებელ ფართებსაც და მათ უსახლკაროებთან არაფერი აკავშირებთ. კალაძემ ორხევში მცხოვრებ ერთ-ერთ პიროვნებაზე ისაუბრა, რომელსაც 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან უკვე მიღებული ჰქონდა დახმარება.

„ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე მაშინ, როდესაც ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356.000 ლარი დახმარება. ამ ადამიანს ასევე 3 საცხოვრებელი ბინა აქვს ვაკის რაიონში. არ იფიქროთ, რომ ვიღაცას რაღაცას ვუთვლი. ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის არ მივცემთ", – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, მერია ყოველთვის მაქსიმალურად დაუდგება გვერდში იქამდე, სანამ მათ ნორმალური სოციალური პირობები არ შეექმნებათ.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება და რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შესაბამისად, ისეთ ოჯახებსა და ადამიანებს, რომელთაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო ყოველთვის გაუწვდის ხელს", – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, არსებობს ისეთი პროგრამაც, რომლის მიხედვითაც, ვიდრე უსახლკარო ადამიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არაა, ადგილობრივი რაიონული გამგეობები მათ აძლევენ საშუალებას, რომ ბინები იქირაონ.
მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა ორხევის დასახლებაში ინსპექტირება ორი თვის წინ განახორციელა, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოავლინა.
უსახლკარო - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. 28 იანვარს ორხევის დასახლებაში 10-ზე მეტი საცხოვრებლის დემონტაჟი განხორციელდა.
უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შესაძენად ჯამში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი და აღნიშნული კატეგორიის პირთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0