Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„მდგომარეობა მართვადია“ – გიორგი ღიბრაძე არსებულ ეპიდვითარებაზე

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchincev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
ინფიცირებულთა უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ღიბრაძის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, ვინაიდან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

„პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

მან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაუქმდეს ე.წ. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება.
„თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ინფიცირების შედეგად გართულებების თავიდან აცილების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ვაქცინაცია. მან განსაკურებული ყურადღება გაამახვილა რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანების ვაქცინაციაზე და წახალისების პროგრამაზე.

„რისკ-ჯგუფებში, 50 წელს ზემოთ პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100-ლარიანი წახალისების სისტემა“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".
დღეს, 1 თებერვალს დაფიქსირდა 24.201 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0