საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც გაცხოვრებენ – კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟზე

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერი ორხევის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს მიმართავს – საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ მერიის მიერ შეთავაზებული პროგრამებით.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. არავის მივცემთ იმის საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ და შემდეგ უკანონო მშენებლობები აწარმოონ – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟს.
მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა ორხევის დასახლებაში ინსპექტირება ორი თვის წინ განახორციელა, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. 28 იანვარს ორხევის დასახლებაში 10-ზე მეტი საცხოვრებლის დემონტაჟი განხორციელდა.

„აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული... როგორც მოკვლევის შედეგად გაირკვა, ბევრი ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ბინებს დედაქალაქში. ზოგიერთს საკმაოდ ბევრი სახლი აქვს, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება უსახლკარო ოჯახებს, დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ სტატუსის მქონე პირები საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
რამდენი უსახლკარო ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართებს თებერვლიდან?
„ამ ოჯახებს ჩვენი მხრიდან მომდევნო წლებშიც ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნება. გპირდებით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა დაკმაყოფილდება მუნიციპალური ფართებით და მოუგვარდებათ პრობლემა, რაც წლების განმავლობაში აწუხებთ", – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შესაძენად ჯამში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი და აღნიშნული კატეგორიის პირთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, მიმდინარე თვიდან მუნიციპალური საცხოვრისით 15-16 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება.
ყველა ახალი ამბავი
0