ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა: არიან დაშავებულებიც

© courtesy of Saknakhshiriტყიბულის შახტი
ტყიბულის შახტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში აფეთქება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
კომპანია „საქნახშირის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი-ექვსი კი დაშავდა.

„ინციდენტი მოხდა. ახლა შახტში ჩვენი შრომის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩასული და არკვევენ რა მოხდა. ზუსტად ჯერ არ ვიცით, რა გახდა აფეთქების მიზეზი. ჩემი ინფორმაციით, ხუთი-ექვსი ადამიანია დაშავებული. განსაკუთრებით მძიმედ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დანარჩენები მსუბუქად არიან დაშავებული, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვანცა დელიბაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი პრველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. მარტო 2018 წელს სამი ავარია მოხდა, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა – 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, ხოლო 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად ჭერის ჩამოშლისას ოთხი მუშა დაიღუპა.
კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.
წყარო: „პირველი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0