ნუ იწამლავთ ცხოვრებას: როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ადამიანი ჩვენ გვერდით
18:21 31.01.2022 (განახლებულია: 22:19 31.01.2022)
© Pixabay / Republicaახალგაზრდა ნაქსოვი ქუდით
© Pixabay / Republica
გამოწერა
ტოქსიკური ადამიანები იყვნენ და არიან ყველგან. ასეთები შესაძლოა თქვენ გვერდით ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ, მეგობრობდეთ მათთან ან ხვდებოდეთ საზოგადოებაში, მაგრამ არ იცოდეთ, რაოდენ დამანგრევლად და დამთრგუნველად მოქმედებენ ისინი თქვენზე.
კარგი იქნება, თუ ტოქსიკურ ადამიანებს დროულად გამოავლენთ და მათთან კონტაქტს შეზღუდავთ, რითაც „შხამიანი ურთიერთობებისგან“ თავს დაიცავთ.
ქვემოთ ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილ რამდენიმე სახასიათო ნიშანს შემოგთავაზებთ, რაც ტოქსიკური ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ.
ტოქსიკური ქედმაღლობა – ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას შორის დიდი სხვაობაა. თავდაჯერებულობა ადამიანს შთაგონებით აღავსებს, ხოლო ქედმაღლობა — აფრთხობს.
ქედმაღალმა ადამიანებმა ყოველთვის ყველაფერი იციან და თანაც – ყველაზე უკეთ. ამიტომ ყველას ზემოდან უყურებენ და სხვების აზრს არ ითვალისწინებენ.
იცოდეთ, ასეთი ადამიანი არასდროს მოგეპყრობათ პატივისცემით.
ტოქსიკური პატივმოყვარეობა – ყველაფერი მათ ირგვლივ ტრიალებს, ყველანაირი უსიამოვნება მხოლოდ მათ ემართებათ და, რაღა თქმა უნდა, პრობლემებიც მხოლოდ მათ აქვთ. სხვები ყველაფერს მხოლოდ მათ ჯიბრზე აკეთებენ.
ტოქსიკური ადამიანები ანგარიშიანები არიან ურთიერთობებში — რამდენიც შენ მე, იმდენი მე შენ. არავითარ შემთხვევაში მეტი.
გამუდმებული წუწუნი – ყველაზე მეტად საშიშია ხალხი, რომლებსაც თავი მარადიულ მსხვერპლად მიაჩნიათ. ისინი გამუდმებით წუწუნებენ და ყოველთვის პოულობენ ადამიანს, ვისაც საკუთარ უბედურებას გადააბრალებენ — იქნება ეს უსამართლო ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მეგობარი თუ სხვა.
ტოქსიკურ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თვითონვე იყვნენ დამნაშავე მათ ირგვლივ გამეფებულ უსიამოვნებებში. მთელი ყურადღება წყენებსა და საკუთარ პრობლემებზე აქვთ გადატანილი და გამუდმებით ამაზე ლაპარაკობენ. უყვართ და სიამოვნებთ სხვების წყენინება.
ემპათიის ძალზე დაბალი დონე – თუ ვინმე საკუთარ პრობლემაზე დაიწყებს საუბარს, ტოქსიკური ადამიანი მაშინვე ეტყვის, რომ ის თავადაა დამნაშავე ყველაფერში. სხვების პრობლემები მათ არ აღელვებთ. ისინი არ უფიქრდებიან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს და ყოველთვის აკეთებენ იმას, რაც თავად სურთ და როგორც თავად სურთ.
ასეთები ზნეობრივ და მორალურ ნორმებს ისე დაარღვევენ, რომ მიზეზებს ძებნას არ დაუწყებენ — შეუძლიათ და მორჩა! ეს მათ სიამოვნებას ჰგვრის.
გამუდმებული შური – ტოქსიკური ადამიანები გამუდმებით ედრებიან სხვებს. ძალიან უყვართ სხვათა ცხოვრებისთვის თვალის დევნება და მერე იმის მოყოლა, ვის რა უსიამოვნება შეემთხვა, ან ვინ როგორ არასწორად მოიქცა. შური ტოქსიკური ადამიანების დამახასიათებელი გრძნობაა.
ისინი ხშირად არიან უკმაყოფილო საკუთარით და უხარიათ სხვების წარუმატებლობა. ასეთები თვითონაც იწამლებიან და მთელ გარემოცვასაც წამლავენ.
მატყუარა ადამიანები – მატყუარა ადამიანები სამყაროს დასაბამიდან არსებობენ, მათ შორის ქრონიკული მატყუარები, რომლებსაც უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე თქვენ გგონიათ. მას მარტივად შეუძლია თქვენი მოტყუება და ასევე მარტივად შეუძლია სხვებთან თქვენზე ცუდად ლაპარაკი.
ემოციური შანტაჟი – ეს მანიპულირების გავრცელებული ფორმაა. ხშირად ხდება, რომ ახლობელი ადამიანები პირდაპირ თუ ირიბად გემუქრებიან უსიამოვნებებით, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც მათ სურთ. ტიპიური მაგალითია: „თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ!“
დრამა ყველგან და ყველაფერში – ტოქსიკური ადამიანები გამუდმებით დრამაში ცხოვრობენ. ნებისმიერი პაწია უსიამოვნება შეუძლიათ გალაქტიკური მასშტაბების კატასტროფამდე გაბერონ და ყველა ირგვლივ მყოფი ჩაითრიონ მასში. სწორედ ამიტომ ხშირად უხდებათ კონფლიქტები. თუმცა ეს მათ არ აღელვებთ, პირიქით, ეს მათ სჭირდებათ კიდეც.
სარკაზმი – ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობების განუყრელი თანამგზავრია სარკაზმი. ვითომ იუმორში გატარებული დამამცირებელი კომენტარები და ხუმრობით შენიღბული ბოროტი დაცინვა მათი იარაღია.
შესაძლოა პირადად თქვენ სულაც არ იყოთ ასეთი ადამიანის „იუმორის“ ადრესატი, მაგრამ იცოდეთ: ეს არის უპირველესი ნიშანი იმისა, რომ ჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ. ტოქსიკური ადამიანები კი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ქცევა მათთვის ნორმაა, შესაძლოა ვერც მიხვდნენ, რატომ არიდებთ თავს მათთან ურთიერთობას.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არ არის, ტოქსიკური ადამიანი მაინცდამაინც ბოროტის მსურველი იყოს. უბრალოდ, ზოგმა სხვაგვარად მოქცევა არც იცის და არც ცდილობს რამე შეცვალოს.