გახარიას პარტია საკრებულოებში ძალებს იკრებს: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ რუსთავი

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, გახარიას პარტია „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ". შესაბამისად, თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. შეროზიას მხარი, თანაპარტიელების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატურის წარდგენაზეც.

„დღეს რუსთავის საკრებულოში რაც მოხდა, ესაა იმ მოვლენების გაგრძელება, რაც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში განვითარდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობა" და გახარიას პარტია გარიგდებოდნენ. სწორედ ამ ფაქტის წინაშე დავდექით დღეს", – განაცხადა საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარი ლიპარტელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, რუსთავის საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ 16-16 მანდატი, პარტიას „საქართველოსთვის“ კი სამი ადგილი აქვს.
რუსთავის საკრებულო იმ ადგილობრივ სათათბირო ორგანოებს შორისაა, სადაც უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო.
რუსთავის მუნიციპალიტეტამდე ექს-პრემიერ გახარიას პარტიის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის პორტფელი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ჩაიბარეს.
ყველა ახალი ამბავი
0