ძმისშვილის მკვლელი მოკლა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2022
გამოწერა
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოხდა. 36 წლის გელა ჩაღიაშვილი მეზობელმა, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის მიზეზი 17 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის მიზეზად შურისძიებას ასახელებენ. საქმე ეხება 2005 წელს მომხდარ შემთხვევას. მაშინ ჩაღიაშვილმა სასიკვდილოდ დაჭრა მღებრიშვილის ძმისშვილი. ჩადენილი დანაშაულის გამო ჩაღიაშვილმა 11 წლიანი პატიმრობა მოიხადა. თავად მღებრიშვილი უარყოფს, რომ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა და მომხდარის მიზეზად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელა.
პროკურორმა დაკავებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სავარაუდო საფრთხეებზე ისაუბრა და პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის არგუმენტი მიიჩნია სარწმუნოდ და გიორგი მღებრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოზე 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა აღნიშნული მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
როგორც ცნობილია, დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. წინა სასამართლო სხდომა საქმეზე 23 მარტს ჩაინიშნა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მღებრიშვილს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0