ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გამარჯვებაში დარწმუნებულია

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა 2 თებერვალს ეწურება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. არ არსებობს ხელის შემშლელი გარემოება იმისთვის, რომ ჩემს კანდიდატურას პარლამენტში სრული კონსენსუსით არ დაუჭირონ მხარი, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ცესკოს მოქმედმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი 22 იანვარს წარუდგინა. სამი კანდიდატიდან ზურაბიშვილმა შეარჩია ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე.
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინა და პოსტზე რეკომენდაცია თითქმის რვასაათიანი მსჯელობის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილს გაუწია. რაც შეეხება თენგიზ თევზაძეს, მან ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
„შევეცადე მაქსიმალურად ამომწურავად მიმეწოდებინა დეპუტატებისთვის ინფორმაცია იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მათთვის საინტერესო იყო. წარმოვადგინე ცესკოს განვითარების ჩემეული ხედვა და მისი აღსრულების მექანიზმები“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მოიწონა
გუშინ კანდიდატების მოსმენას პრაქტიკულად მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ბოიკოტის ნიშნად არ იღებს.
კომიტეტის მიერ ორიდან ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერის მიუხედავად, მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ორივე კანდიდატურა იქნება გატანილი.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
დეკემბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალი კონკურსი გახდა საჭირო, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება 2 თებერვალს ეწურებათ.
ყველა ახალი ამბავი
0