მთავრობის წარმომადგენლები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
უწყებაში აცხადებენ, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
გუშინ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2022 წელს ეტაპობრივად ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დევნილებს ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროცესის მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარმართვისთვის დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სამუშაო შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი უკვე დაიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსახლების ორივე მოდელით 16-მა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა“, – აცხადებენ დევნილთა სააგენტოში.

განსახლების მოდელები გულისხმობს: დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავადაც შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ>>
დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სურვილის შემთხვევაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში თითქმის 30 წელია აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მათი ნაწილი 2021 წლის დეკემბრის ბოლოდან საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებისგან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს ითხოვს.
გასაღები კარში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება დაიწყო
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 16 იანვარს 52 წლის მამაკაცი ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 18 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულებს, უსაფრთხოების პირობების დაცვის შემთხვევაში, შეასახლებენ სახლებში, რომლებიც ჯერ არ არის შესული ექსპლუატაციაში.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0