საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგა? ავიაციის სააგენტოს განმარტება

CC BY-SA 2.0 / Flickr / Andrew Thomas / ATR-42-300 Aer Lingus Regional (Aer Arann)თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე
თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისების დანიშვნის შემდეგ საქართველოში რუსეთთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე ალაპარაკდნენ
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ აღდგენილა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ განმარტება გააკეთა თბილისი-მოსკოვი-თბილისის დაგეგმილ პირდაპირ ავიარეისთან დაკავშირებით, რომელსაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ შეასრულებს. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირის არარსებობის გამო ავიაკომპანიამ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით 8 და 28 იანვარს ორი ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა მიიღო.
„საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა და 28 იანვარს დანიშნული ფრენა ერთჯერადი რეისია, რომლის შესრულებაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე გამონაკლისის დაშვებას არ საჭიროებს, რადგან საუბარია არა რეგულარულ, არამედ ერთჯერად, ჩარტერულ რეისზე“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Georgian Airways-ის მიერ ფრენა მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით, რაზეც ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ ერთჯერადი ნებართვა გაიცა.
„რუსული მხარის მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ (2019 წლის 8 ივლისიდან დღემდე) საქართველოსა და რუსეთს შორის არაერთხელ შესრულდა ცალკეული ჩარტერული რეისი სამედიცინო დანიშნულებით, თუ ბიზნესრეისი მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით“, - განმარტეს უწყებაში.
ამ მომენტისთვის ყველა ბილეთი რეისზე გაყიდულია. თბილისი-მოსკოვის რეისის ბილეთის ფასი 718 ლარიდან იწყება. მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით - 620 ლარიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი თბილისის დროით 10:00 საათზე გაფრინდება და „ვნუკოვოს“ აეროპორტში მოსკოვის დროით 11:30 საათზე დაეშვება. მოსკოვიდან თვითმფრინავი მოსკოვის დროით 12:30 საათზე გამოფრინდება. რეისს შეასრულებს თვითმფრინავი Boeing 737.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პირობები დაასახელა. ესენია: ვითარების სტაბილიზაცია საქართველოში, რუსოფობიული კამპანიის შეჩერება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის არარსებობა.
საქართველო ყოველთვის მზადაა რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის აღსადგენად, რადგან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არაფერი ემუქრებათ, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0