სოცაგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს: რას მიაღწიეს გაფიცულებმა

© photo: Sputnikთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
გაფიცვა შეწყდა იმ პირობით, რომ ხელფასები 40-60%-ით გაიზრდება, ასევე გაიზრდება დანამატები
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, ნათქვამია ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ განცხადებაში.
ორშაბათიდან შეჩერებული ჰქონდა მუშაობა სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელს, მათ შორის სოციალურ აგენტებს, სპეციალისტებსა და იურისტებს. ისინი ხელფასების გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს მშრომელთა გაფიცვა და კოლექტიური ბრძოლა მოლაპარაკებით დასრულდა. ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი! სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები - ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობდნენ, ერთად იბრძოლეს, ერთად დაიწყეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირში ერთმანეთისვე გაძლიერება და თავდადებით მიაღწიეს პირველ მოგებას. ჩვენ ვასრულებთ გაფიცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცვა შეწყდა შემდეგი პირობებით:
ხელფასების 40%-60%-ით მატება;
ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება;
გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
სოციალური აგენტების და უფროსი სოციალური აგენტების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
ერთთვიანი ხელშეკრულებების გაუქმება და ერთწლიანი ხელშეკრულებების ამოქმედება;
დანამატების გაზრდა.
კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ზრდა ორივე კომპონენტს შეეხება. შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს გაეზრდება.
წყარო - „სოლიდარობის ქსელი“
ყველა ახალი ამბავი
0