დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლის პირასაა: რა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
გამოწერა
ამჯერად საჯილდაო ქვა ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადება გახდა
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების ფორმატი „ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული „ჟან მონეს დიალოგი“ გასული წლის ივნისში შეიქმნა. მას საფუძვლად დაედო დოკუმენტი „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც შარლ მიშელმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებად წარმოადგინა.
პარასკევს, საღამოს ევროპარლამენტარებმა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის ხელმძღვანელობით განაცხადეს 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შესახებ და ვიზიტის ჩაშლა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დააბრალეს.

„როგორც „ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის“, - ნათქვამია ევროდეპუტატების განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტში ბრალდებებს არ ეთანხმებიან და ევროპარლამენტარებს ქვეყანაში არსებული ისედაც რთული სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ.
„21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.
ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე.
გასული წლის ივლისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამასთან, ამ დროისთვის შეთანხმებას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდა.
„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისთვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს. ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
წყარო - ევროპარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0