ფრანგული ტარტარი: დეტალური რეცეპტი ვიდეოს თანხლებით
18:28 20.01.2022 (განახლებულია: 12:28 27.06.2023)
© Pexels / Valeria Boltnevaფრანგული ტარტარი
© Pexels / Valeria Boltneva
გამოწერა
ტარტარი — ეს ფრანგული სამზარეულოს განთქმული ცივი კერძია, რომელიც უმი ხორცის ან თევზისგან მზადდება.
ფრანგები მას Tartar de boeuf-ს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კერძი მოუხარშავ-შეუმწვარი და თანაც უხეშად დაკეპილი ხორცით კეთდება, ის ძალიან გემრიელია და სწორედ ამიტომაც შედის მსოფლიოს უძვირესი რესტორნების მენიუებში.
ქვემოთ ტარტარის რეცეპტს შემოგთავაზებთ, ოღონდ წინდაწინ გაგაფრთხილებთ, რომ ხორცი ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. შეიძინეთ შემოწმებული და ძალიან ახალი ხორცი, ვინაიდან ის, რეცეპტის თანახმად, თერმულად არ დამუშავდება და უმად მირთმევა მოგიწევთ.
დაიმახსოვრეთ: თუ ხორცმა ოდნავი ეჭვიც კი გაგიჩინათ, უარი თქვით ტარტარის მომზადებაზე!
ერთი ულუფა ტარტარისთვის დაგჭირდებათ:
ძროხის (ან ხბოს) ხორცის რბილი ნაჭერი – 100 გ;
ხახვი — ერთი თავის მეოთხედი;
ზეთისხილი ან კაპარი — 1 სუფრის კოვზი;
მწვანე ხახვის ფოჩები, მწვანე რეჰანი ან ისპანახი — 10 გ;
გამხმარი პომიდორი (ჩირი) — 1 ცალი;
მდოგვი ( სასურველია ფრანგული, ანუ დიჟონური) — 1 ჩაის კოვზი;
ლიმონის წვენი — 2 ჩაის კოვზი;
მწყრის (ან ქათმის) კვერცხის გული — 2 ცალი;
მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი — გემოვნებით;
სოუსი ტაბასკო — ერთი წვეთი.
მომზადების წესი
ამ ვიდეოში შემოთავაზებულია ტარტარის კიდევ ერთი, გამარტივებული და ოდნავ განსხვავებული რეცეპტი.
ჩვენი კლასიკური მომზადების წესი კი ასე გამოიყურება:
მოაშორეთ ხორცს აპკი და ძარღვები. დაჭერით წვრილად, დაახლოებით 5 მმ ზომაზე და მოათავსეთ რაიმე ჭურჭელში. შეგიძლიათ ხორცსაკეპ მანქანაშიც გაატაროთ — მსხვილ ბადეში, მაგრამ ასე ნაკლებად ლამაზი გამოვა. თუ მარტივად და თანაბარ ზომებად დაჭრა გსურთ, შეგიძლიათ ხორცი მანამდე გაყინოთ — ოღონდ საყინულეში დიდხანს ნუ დატოვებთ, ეს გემოს აფუჭებს.
გაფცქვენით ხახვი და დაჭერით შეძლებისდაგვარად წვრილად — ისე, რომ ნაჭრები კბილით არ იგრძნობოდეს. არ დაგავიწყდეთ: ერთი ულუფა ტარტარისთვის გჭირდებათ არაუმეტეს 2 ჩ/კ დაჭრილი ხახვი.
უკურკო ზეთისხილი დაჭერით ასევე წვრილად (ან გამოიყენეთ კაპარი);
წვრილად დაკეპეთ გამხმარი პომიდორიც (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ არც გამოიყენოთ), მწვანე ხახვის ფოჩებიცა და რეჰანი ან ისპანახი;
დაამატეთ მდოგვი და ლიმონის აუცილებლად ახალგამოწურული წვენი, შემდეგ მარილი და პილპილი და ტობასკოს წვეთი;
სულ ბოლოს ჩაახალეთ მწყრის (შეგიძლიათ ქათმისაც) კვერცხი გული და კარგად მოურიეთ;
შედგით ნარევი მაცივარში ხუთიოდე წუთით — ეს იმისთვის, რომ ყველა გემო კარგად შეერწყას ერთმანეთს;
შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, ჩადეთ რაიმე ფორმაში, ან სპეციალური რგოლისა თუ ჭიქის მეშვეობით მიეცით ფორმა, გადმოიღეთ თეფშზე და თუ გსურთ, რამით მორთეთ კიდეც;
შეგიძლიათ ზემოდან სულ ცოტა ზეითუნის ზეთიც მოასხათ.
სუფრაზე მიიტანეთ პურის ტოსტთან ერთად.