„არანაირი ქორწილი“ - გახარიას პარტიაში „ნაცმოძრაობასთან“ მოლაპარაკება უარყვეს

© courtesy of Giorgi Gakhariaგიორგი გახარიას პარტიის ოფისი
გიორგი გახარიას პარტიის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
გახარიას პარტიის დეპუტატების ხმები გადამწყვეტია იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც „ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" სადეპუტატო შემადგენლობას შორის სხვაობა მინიმალურია.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პოლიტიკური ალიანსი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამორიცხულია, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
ხუთშაბათს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის, კორნელი სალიას მეხუთე მცდელობით არჩევის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა პარტიები „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ორივე პარტია ცდილობს ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, ხელოვნურად ქმნიან კრიზისს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მოქმედებენ ადგილობრივი მოსახლეობის და მთლიანად საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
„საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც კოლაბორაცია შედგა, თანამშრომლობა შედგა ან ქორწინება შედგა, როგორც ამას მოიხსენიებენ „ქართული ოცნების" ოფისში, „ნაციონალურ მოძრაობასთან" - ეს არის მცდარი ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, გახარიას პარტიაში მაქსიმალურად ღია იყვნენ და თანაბრად მოუწოდებდნენ ორივე პარტიის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, კრიზისის თავიდან აცილების მიზნით მხარი დაეჭირათ მუნიციპალიტეტებში „საქართველოსთვის“ კანდიდატებს.
ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული სისტემით გახარიას პარტიამ მესამე ადგილი აჩვენა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. გახარიას პარტიიდან დეპუტატების ხმები გადამწყვეტია იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც „ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" სადეპუტატო შემადგენლობას შორის სხვაობა მინიმალურია. ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტია წალენჯიხა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი გახდა >>
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის მერის ოპოზიციონერი გახდა. მეტიც, საკრებულოში ადგილების უმრავლესობა ოპოზიციონერებმა მოიპოვეს. წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 11 დეპუტატი ჰყავს, ამდენივე „ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას „საქართველოსთვის" – 3, „ლელოს" – 1 დეპუტატი, 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
წალენჯიხას მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 23,3 ათას ადამიანს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0