მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
სასამართლომ იანვარში ყოფილი ბანკირები დამნაშავედ ცნო თაღლითობაში, მაგრამ საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთო წერეთელი საკუთარი განაჩენის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ.
სასამართლომ იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.
„ეს დაუშვებელი პრეცედენტია და ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მათ მიიღეს დასტური, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-მუხლის მეცხრე პუნქტს, რომელიც მოქალაქეების საპროცესო უფლებების გარანტია.

საქმის დეტალები

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0