„საქართველოსგან მხოლოდ სიყვარული გვინდა“ - მუსიკალური საჩუქარი ლევან შენგელიასგან

© courtesy of Levan Shengeliaლევან შენგელია
ლევან შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მოღვაწე ნიჭიერ პიანისტს და კომპოზიტორს ლევან შენგელიას შეხვდებით.
ფორტეპიანოს დახმარებით საოცრებებს სჩადის, მუსიკალური იმპროვიზაციებისადმი სიყვარული, შეიძლება ითქვას, მის ცხოვრებაზეც აისახა - გადაწყვეტილებებს ხშირ შემთხვევაში გულის და მუზის კარნახით იღებს ხოლმე. სამშობლოსგან მოშორებით წლებია ცხოვრობს, მაგრამ მასთან სულიერ კავშირს დღემდე ინარჩუნებს. ამის დასტურია თუნდაც პანდემიამდე საქართველოში ყოველწლიურად ჩატარებული მისი კონცერტები სახელწოდებით „ჯადოსნური ღამე“. ამერიკაში, ნიუ-ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიასთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში „ლაზარე“ ქართველ ბავშვებს მუსიკას ასწავლის. ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა Piano School of New York City-ში და Trilok Academy-ში, ფორტეპიანოს განყოფილებაზე.
ხელოვანი, რომელიც ამერიკაში ქართულ მუსიკას და ხელოვნებას ემსახურება, თავის სამომავლო გეგმებსაც საქართველოს უკავშირებს...
© courtesy of Levan Shengeliaლევან შენგელია
ლევან შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ლევან შენგელია
- ბატონო ლევან, თქვენი ცხოვრების ისტორია კოლორიტულ ქართულ ქალაქში, სამტრედიაში დაიწყო...
- დიახ, ჩემი ულამაზესი ბავშვობა დაიწყო სამტრედიაში. ესაა ქალაქი, რომელიც ჩემია და სადაც თავს ზღაპრულად კარგად ვგრძნობ. ვსწავლობდი სამტრედიის რაიონის დაბა კულაშის მუსიკალურ სკოლაში. ძალიან ზარმაცი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სულ მინდოდა, რომ მუსიკოსი გამოვსულიყავი. მოგვიანებით თბილისის ნიჭიერთა ათწლედში ჩავირიცხე და ყველაფერი აქედან დაიწყო. შემდეგ სწავლა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე გავაგრძელე. კონსერვატორიაში ორი ბუმბერაზი მეტრი მყავდა. პირველი იყო ოთარ თაქთაქიშვილი, რომელიც ექვს თვეში გარდაიცვალა. ჩემი შემდეგი და ბოლო მაესტრო განუმეორებელი ბიძინა კვერნაძე გახლდათ...
© courtesy of Levan Shengeliaლევან შენგელია
ლევან შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ლევან შენგელია
- კონსერვატორიაში სწავლის დროს ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა...
- დიახ, 1991 წელს, მესამე კურსზე სწავლის დროს, თბილისს ეწვივნენ ამერიკელი კომპოზიტორები, რომელთა შორის ჯულიან ლენონი - ჯონ ლენონის შვილიც იყო. მას ძალიან დავუახლოვდი. როდესაც ამერიკაში დაბრუნდა, იქიდან თავისი მეგობრების მისამართები გამომიგზავნა. მთხოვა, რომ მათთვის მისი სახელით მიმეწერა და ჩემი აუდიოჩანაწერები გამეგზავნა. ეს თხოვნა მაშინვე შევუსრულე. ამის შემდეგ ზუსტად14 მოწვევა მივიღე და მათგან ზღაპრული სკოლა - University of Hartford ავირჩიე.
© courtesy of Levan Shengeliaლევან შენგელია
ლევან შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ლევან შენგელია
- 90-იან წლებში ამერიკაში არც ისე ბევრი ქართველი იყო, როგორ გახსენდებათ თქვენი ცხოვრების პირველი ამერიკული წლები?
- მინდა გითხრათ, რომ 1992 წელს, როცა აქ ჩამოვედი, ქართველი მარტო მე ვიყავი. თავიდან დამეწყო გარკვეული შიშები, რომელიც მალევე დავძლიე. სწავლის დაწყებიდან მეორე წელს ჩემს ალალ ბიძაშვილს დავეხმარე, რომ აქ ჩამოსულიყო. ჭურჭლის მრეცხავად დავიწყეთ მუშაობა. თავს იმედიანად ვგრძნობდი, რადგან გვერდით ჩემიანი მყავდა. სრულიად უცხო ქვეყანაში ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. დღეს ჩემი ბიძაშვილი კახა შენგელია კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
- მსოფლიო ბენდი როდის შექმენით?
- ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად მაიამიში გადავედი. მაშინ მთელი მსოფლიოდან მოვიწვიე მუსიკოსები და ულამაზესი ბენდი შევკარი. იმ ბენდში ცხრა ბედნიერი წელი ვმოღვაწეობდი. 2001 წელს კი საქართველოში დავბრუნდი.
- რა გახდა აქ დაბრუნების საბაბი?
- მაშინ იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქ უზარმაზარი ბენდი მყავდა და მსოფლიოს ირგვლივ საკონცერტო ტურნეები დავიწყეთ. როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, მივხვდი, უკან უნდა დავბრუნებულიყავი და ასეც მოვიქეცი. ჩამოვედი ტეხასის შტატში, ოსტინში ჩამოვედი.
- ნიუ-იორკში როდის გადახვედით?
- ოსტინიდან ნიუ-იორკში რამდენიმე წელიწადში გადმოვედი. ნიუ-იორკში ანსამბლ “საუნჯის” სამხატვრო ხელმძღვანელთან, ცნობილ მუსიკოსთან ნიკო ნადირაშვილთან ერთად უამრავი საღამო ჩავატარე. ამის გარდა NY City Piano Department-ში ვმუშაობ და მსოფლიოს ბევრი ქალაქიდან უამრავი სტუდენტი მყავს.
© courtesy of Levan Shengeliaირაკლი შარაძესთან ერთად
ირაკლი შარაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ირაკლი შარაძესთან ერთად
- ვიცი, პანდემიის დროსაც არ შეგიწყვეტიათ მუსიკალური ცხოვრება, ამჯერად ვირტუალური პუბლიკის წინაშე გამოდიხართ...
- როცა პანდემია დაიწყო, ძალიან გვეშინოდა და სახლიდან თვეები არ გავდიოდით. პასიურად ყოფნა აღარ შემეძლო, ამიტომ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ხალხი სოციალური ქსელების საშუალებით გამეხალისებინა. საოცრება მოხდა! - ძალიან მალე მუსიკის მოყვარული ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. უფრო მეტიც, 70 ქალაქიდან მივიღე მოწვევა, ასეთ დროს ამას მართლა არ ველოდი.
- მინდა გაიხსენოთ საქართველოში განხორციელებული პროექტი, რომელში მონაწილეობისთვის მოწვევა მიიღეთ...
- პროექტი „მიძღვნა გენიოსებს“ საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაიწყო. პირველივე ღონისძიების მერე მივხვდით, რომ ეს მომავალშიც უნდა განგვევითარებინა. ამიტომ ამას მოჰყვა ნიკო ნიკოლაძის, ოტია იოსელიანის, რევაზ ლაღიძის, პაოლო იაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები. პროექტზე ფანტასტიკური შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. პროექტის დირექტორი საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორი გიორგი მეტონიძე გახლავთ. სამომავლოდ კიდევ ბევრი საღამოა დაგეგმილი, ამჯერად ისინი მიეძღვნება ნატო ვაჩნაძეს, მუხრან მაჭავარიანს, დავით კლდიაშვილს, მიხეილ ხერგიანს, ზურაბ გორგილაძეს და სხვა ღირსეულ ქართველებს. მჯერა, რომ ამ საქმით ახალ თაობებს, განსაკუთრებით ემიგრანტ ბავშვებს, უკეთ გავაცნობთ ჩვენს გენიოსებს.
© courtesy of Levan Shengeliaლევან შენგელია
ლევან შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ლევან შენგელია
- მომავალში საქველმოქმედო კონცერტების ჩატარებას აპირებთ?
- დიახ, მალე აქ სპონსორების მოძიებას დავიწყებთ და ჩავატარებთ კონცერტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საჩუქარი იქნება. ამას ჩვენ, ქართველი ემიგრანტები გავაკეთებთ. თავდაპირველად სამი კონცერტი აქ ჩატარდება და აქედან შემოსული თანხა ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილ კონცერტებს მოხმარდება. საქართველოსგან არა ფინანსები, არამედ მხოლოდ სიყვარული გვინდა. ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ხალხის ძლიერ მხარდაჭერას და სითბოს, რომელიც ჩემთვის ყველაფერია!..
ყველა ახალი ამბავი
0