ილია მეორემ ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო მწუხარება და გულისტკივილი გამოთქვა, ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი 83 წლის ასაკში 13 იანვარს გარდაიცვალა.
„სამეფო გვარის შთამომავალი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ეს ღირსეული პიროვნება ქართული სპორტის განვითარებას ემსახურა ათწლეულების მანძილზე და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს მშვიდობა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.
ჯანო ბაგრატიონი დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1976 წელს კი საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.
თამაშობდა ხელბურთის გუნდ „ბურევესტნიკში“, ამ პერიოდის განმავლობაში ჯანო ბაგრატიონი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), ასევე სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე ადგილის (1963) პრიზიორი.
1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987 წლებში იყო თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე, 1987-1991 წლებში – საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, 1991-1993 წლებში ეკავა საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის პოსტი; 1993-1994 წლებში იყო საქართველოს სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო 1994 წლიდან საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე.
1996-2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, ერთი მონოგრაფია.
წყარო - საპატრიაქროს ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0