„სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ...“ - ქართველები ყაზახეთში მომხდარი არეულობის შესახებ
22:30 14.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023)
© AFP 2024 / ALEXANDER PLATONOVარეულობა ყაზახეთში
© AFP 2024 / ALEXANDER PLATONOV
გამოწერა
როდესაც ალმათიში არეულობა დაიწყო, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები, პრაქტიკულად, ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ
სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, იმ ქალაქში მოხვედრა, სადაც ქაოსი სუფევს, ისვრიან, კლავენ - დიდი გამოცდაა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ალმათიში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას აღწერენ რთულ დღეებს, რომლებიც ყაზახეთში გადაიტანეს.
„გვიან ღამით სროლის ხმამ გაგვაღვიძა. როდესაც ფანჯრიდან გავიხედეთ, ქუჩები ხალხით იყო სავსე. სიტყვით ვერ აღვწერ, რაც დავინახეთ. ხალხი ხელკეტებით სცემდა ერთმანეთს, ქვებს ისროდა. ნაცემი ადამიანები ასფალტზე ეყარნენ. ვერ გაიგებდი, ვინ ვის ურტყამდა. ისმოდა სროლის ხმა“, - იგონებს ბაჩანა მელაშვილი.
ბაჩანა კვარტეტ „ილორის“ სოლისტია. ყაზახეთში ისინი 22 დეკემბერს გაემგზავრნენ - რესტორნებში მღეროდნენ. სამშობლოში 9 იანვარს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ქვეყანაში დაწყებული არეულობის გამო თითქოს პარალელურ რეალობაში აღმოჩნდნენ - საჭმლის გარეშე, ქუჩაში გასვლა სახიფათო იყო, ინფორმაციული ვაკუუმი - ინტერნეტი და ტელევიზია პრაქტიკულად არ იყო.
„როგორც კი ინტერნეტი ჩაირთო, Facebook-ით დახმარება ვითხოვე, რადგან ყველაფრისგან მოწყვეტილი აღმოვჩნდით. ქუჩაში გასვლა სახიფათო იყო, თუმცა მაინც გავედით საკვებზე და აღმოვაჩინეთ, რომ მაღაზიები დაცარიელებული, გაძარცვული იყო, ვერაფერი ვერ ვიშოვეთ. პურის შოვნაც შეუძლებელი იყო“ - ამბობს ბაჩანა.
© photo: Sputnik / Rasul Nazirovარეულობა ყაზახეთში
არეულობა ყაზახეთში
© photo: Sputnik / Rasul Nazirov
ამ დღეების გადატანაში მუსიკოსებს ნაცნობი ქალი დაეხმარა, რომელმაც ისინი თავის სახლში წაიყვანა.
„ჩვენ გადასარჩენად სიცოცხლით გარისკა. მით უმეტეს, რომ იმ დროს ავად გავხდი. სიცხემ ამიწია, ანგინა დამეწყო, მაგრამ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, კორონავირუსი იყო თუ სხვა რამე. წამლები არ მქონდა. ის რომ არა, არ ვიცი, რას ვიზამდით“, - იგონებს ბაჩანა.
კონსერვების ამარა დარჩნენ. პროდუქტები მუსიკოსებს საელჩოს წყალობით 10 იანვარს გადასცეს.
„ახლა შედარებით მშვიდი ვითარებაა, მაგრამ როდესაც კომენდანტის საათი იწყება, ირთვება სირენები და ტანში ჟრუანტელი გვივლის. დამამშვიდებლებიც კი შევიძინეთ. პრობლემები საქართველოშიც იყო, მაგრამ როდესაც მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდები, ამის გადატანა ძალიან რთულია. სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ...“, - იგონებს მელაშვილი.
„იყო შემთხვევები, როდესაც ხალხს სახლებში უცვივდებოდნენ. სიტყვებით ვერ გადმოსცემ, რაც აქ ხალხმა გადაიტანა. უმიზეზოდ ხოცავდნენ ადამიანებს“, - ამბობს ბაჩანა.
ამჟამად მუსიკოსები აეროპორტში იმყოფებიან და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებიან.
მათთან კავშირს ინარჩუნებდა ქორეოგრაფი, ანსამბლ „თელავის“ ხელმძღვანელი გელა გამბაროვი, რომელიც საქართველოდან ყაზახეთში 16 წლის წინ გადასახლდა, რათა ქართული ცეკვების სტუდია გაეხსნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მოეხდინა. მთელი ამ წლების მანძილზე, როგორც გამბაროვი ამბობს, მას ბევრი მიტინგი უნახავს, მაგრამ ასეთი არეულობა - არასდროს.
„ამას არავინ ელოდა. 5 იანვარს სამსახურში ვიყავი, როდესაც თქვეს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდა. გადავწყვიტეთ სახლებში დაბრუნება. როდესაც საღამოს სახლში ვბრუნდებოდი, ბევრი უნომრო მანქანა დავინახე. ვხედავდი ხელკეტებით შეიარაღებულ ადამიანებს ჯარის პირისპირ, რომელიც ვერაფერს აკეთებდა“, - ყვება გამბაროვი.
ოჯახის სამშობლოში გაგზავნა გადაწყვიტა, მაგრამ რადიკალურმა დაჯგუფებებმა აეროპორტი ჩაიგდეს ხელში და გაფრენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
„სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას შეიარაღებულმა ადამიანებმა ჩამიარეს გვერდით და მხოლოდ სახლში დაბრუნებისას გავაცნობიერე, როგორ საფრთხეში ვიმყოფებოდი“, - ამბობს გამბაროვი.
გამბაროვის თქმით, ალმათიში არცერთი ქართველი არ დაშავებულა. იქ მცირე დიასპორა ცხოვრობს, ასამდე ადამიანი.