პატიმართა წამების ფაქტზე ციხის ყოფილ თანამშრომელს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerგლდანის მერვე ციხე
გლდანის მერვე ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010-2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ თანამშრომელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობას ერთსა და იმავე პატიმრების მიმართ სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ზედამხედველი პატიმრებს უკრძალავდა სიარულს, ძილს, დასვენებას, ტელეფონით სარგებლობას და მიმოწერას. ასევე მათ არ შეეძლოთ ექიმისთვის მიემართათ შეუძლოდ ყოფნის დროს.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, თუ როგორ გაჰყავდა საკნიდან ზედამხედველს პატიმრები, მიჰყავდა საშხაპეში, სადაც მათ ხელკეტებითა და სხვა საგნებით ჯგუფურად სცემდნენ. იყო შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდნენ.
„ბრალდებული სხვა თანამშრომლებთან ერთად პატიმრებს ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდებოდა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა. გამორჩეულად სასტიკად ექცეოდნენ იმ პატიმრებს, რომელთაც საჩივრები ჰქონდათ შეტანილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 9 თვით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0