Pink Floyd – ქართველი ფოტოხელოვანის ინსპირაცია, ანუ როცა დგება დრო „კედელი დაანგრიო“

© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძე
ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრებ, თავის საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს ციცი ჩხეიძეს გაგაცნობთ.
უცხოეთში მას ინდიგო ფლეურის მეტსახელით იცნობენ. ამბობს, რომ საქართველოში პირველი პროფესიის არჩევისას პრაგმატულად იფიქრა. თუმცა იმის გამო, რომ ეძებდა გარემოს, სადაც საკუთარ თავს იპოვიდა, „საოფისე სამსახურზე“ უარი თქვა და მთელი დრო თავის საყვარელ საქმიანობას, ფოტოგრაფიას დაუთმო. ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრების ინსპირაცია ხშირ შემთხვევაში საყვარელი მუსიკა და წიგნებია. უპირატესობას Fine-Art-ის ჟანრს ანიჭებს და თავის ფოტონამუშევრებში გოთიკას, სიურრეალიზმსა და მისტიკას აერთიანებს.
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძე
ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძე
- ციცი, ყველაზე ნათელი ოცნებები ბავშვობიდან მოგვყვება, თქვენ შემთხვევაში ფოტოგრაფია თუ იყო მათ შორის?
- ხელოვნებასთან ბავშვობიდანვე ახლოს ვიყავი, პატარა ასაკიდან ვხატავ, ფოტოგრაფია კი ყოველთვის მიზიდავდა. სანამ ცოტა გავიზრდებოდი, ჩემებური მეთოდებით ვცდილობდი გარკვეული მომენტებისა და მოგონებების აღბეჭდვას და უკვდავყოფას. რის საშუალებასაც ახლა ფოტოსურათი გვაძლევს, ჩემთვის იმ დროს იყო რაიმე ადგილიდან წამოღებული ფოთოლი ან ყვავილი, რომელსაც ჰერბარიუმად ვაქცევდი. მას თარიღსა და ლოკაციას ვაწერდი და ასე ვინახავდი. პროფესიის არჩევისას „პრაგმატულად" ვიფიქრე და ავირჩიე გრძელი სახელწოდების დიდაქტიკური სიტყვებისგან შემდგარი სპეციალობა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს ჰქონდა. სასწავლო სემესტრები ბევრ ისეთ დარგს მოიცავდა, რომელიც სხვა უნივერსიტეტებში ცალკე კურსებად ისწავლებოდა და დასაქმების მეტ პერსპექტივას ვხედავდი. თუმცა პირველ კურსზევე დავრწმუნდი, რომ ეს საერთოდ არ იყო „ჩემი“. ძალიან მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ სამხატვრო განხრით არანაირი განათლება არ მქონდა, თვითნასწავლი ვიყავი, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ და იმის საშუალება არ იყო, რომ მასწავლებელთან მევლო.
© Courtesy by Tsitsi Chkheidzeციცი ჩხეიძე
ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძე
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სად დაიწყეთ საქმიანობა?
- პირველი უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე. ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიანტიც ვიყავი. პირველივე კურსიდან ვმუშაობდი, სწავლის პარალელურად გამოვიცვალე უამრავი სამსახური, ერთ წელზე მეტი თითქმის ვერსად ვძლებდი. თანაც, ახალ სამუშაოს ყოველთვის მარტივად ვიწყებდი. ერთ დღეს, როდესაც ოფისის ნაცრისფერ კედლებში ვიჯექი და პროექტზე ვმუშობდი, ყურსასმენებში Pink Floyd-ის High Hopes-ს ვუსმენდი. მაშინ მივხვდი, რომ ასე აღარ შემეძლო და დრო იყო „დამენგრია კედელი", თორემ საკუთარ თავს დავკარგავდი. ამიტომ უცებ მივიღე გადაწყვეტილება და სამსახურიდან წამოვედი. სამსახურში მუშაობის დროს ჩემი მიზანი იყო, რომ საკმარისი თანხა დამეგროვებინა აპარატურის შესაძენად, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. აღმოვაჩინე, რომ ისე ვიყავი გადაშვებული ყოველდღიურობის რუტინაში, რომ ეს პერიოდი საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა და გაიწელა. რაც უნდა მაღალ მატერიებზე ვისაუბროთ, ბოლოს მაინც მატერიალიზმი გვახსენებს თავს და, ბუნებრივია, ფინანსების გარეშე ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ. არ ვიცი, რა საოცარ მუხტზე ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ფაქტია, რომ ერთ წელში უკვე შემდგარი, პროფესიონალი ფოტოგრაფი გავხდი.
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძე
ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძე
- თქვენი პირველი ფოტოაპარატი როდის შეიძინეთ?
- როდესაც სამსახურიდან წამოვედი, კაპიტალი არ გამაჩნდა, ამიტომ ხელნაკეთი აქსესუარების კეთება და ტანსაცმელზე მოხატვა დავიწყე. ამ შემოსავალით ვიყიდე ჩემი პირველი აპარატი 80 ლარად და ობიექტივი 70 ლარად. ეს აპარატი დღემდე საოცრად მიყვარს. ამავე პერიოდში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. სანამ აპარატურას შევიძენდი, საოცარი ადამიანები თავად მთავაზობდნენ თავიანთ ტექნიკას. ყოველთვის მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება ეს სიკეთე, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. მათი დახმარებით შევძელი ამეღო კომერციული შეკვეთები, რამაც მომცა კაპიტალის დაგროვების საშუალება და ნელ-ნელა სასურველი სეტი შევიძინე.
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის ფოტო
ციცი ჩხეიძის ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის ფოტო
- სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კუთხით ჩააბარეთ, რა მოგცათ იქ სწავლის წლებმა და ფოტოგადაღებებისთვის თუ გქონდათ დრო?
- სამხატვრო აკადემიამ ძალიან კარგი, დასამახსოვრებელი მოგონებები დამიტოვა. შევისწავლე რამდენიმე პროგრამა და ცოტა ხანი გრაფიკოს–დიზაინერადაც ვმუშაობდი. თუმცა, ბოლოს ძალიან გადავიღალე და მივხვდი, რომ რამდენიმე სფეროს ერთად ვეღარ შევეჭიდებოდი. თანაც აკადემიაში შიდა გრანტი და პრეზიდენტის სტიპენდია მქონდა და მაღალი მოსწრების ქულების შესანარჩუნებლად დრო მჭირდებოდა. ასევე დრო იყო საჭირო ფოტომასალების დასამუშავებლადაც. ამიტომ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე გადავერთე.
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის ფოტო
ციცი ჩხეიძის ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის ფოტო
- ცხოვრებაში პირველივე კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა თქვენთვის, საკონკურსოდ რა ფოტო გადაიღეთ?
- ერთხელ, როცა მეგობართან ვიყავი სტუმრად, მან ერთი ფოტოკონკურსის შესახებ ფეისბუქ-პოსტი მაჩვენა. როგორც კი თემატიკის სახელი წავიკითხე, გონებაში მაშინვე დაიხატა კადრი. რამდენიმე წუთში ჩემს მეგობართან სტუმრად მისი მეგობარი მოვიდა, რომელსაც უკვე „გამარჯობის“ თქმის შემდეგ გადაღება შევთავაზე. ისიც უმალ დამთანხმდა და, აი, ასე ჩვენს შორის იმ დროს რაღაც საოცარი ჯაჭვი შეიქმნა. კონკურსის თემატიკა იყო შემოდგომა. როდესაც ჩემს გონებაში წარმოდგენილი კადრისთვის შესაბამისი გარემოს ძიება დავიწყე, ვერც ვიფიქრებდი, რომ საამისოდ იდეალურ ადგილს ასეთი სიზუსტით ვიპოვიდი. საერთოდ, ძალიან მიყვარს მიტოვებული შენობები თავისი იდუმალებით. გადაღების დღე დავთქვით და ჩვენი რეკვიზიტებით ერთ ასეთ ადგილზე ჩუმად გადავიპარეთ. შენობა საკმაოდ ბნელი იყო, განათებები არ მქონდა, არც აპარატის მონაცემები მიწყობდა ხელს, თუმცა როგორც კი სცენა დავდგით, გადასაღებ ღილაკს თითი დავაჭირე და ეკრანზე კადრს შევხედე. ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა! ფოტოს სახელია: Frozen Autumn და კადრიდან შემოდგომის მელანქოლიური სილამაზე იღვრება.
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის ფოტო Frozen Autumn
ციცი ჩხეიძის ფოტო „Frozen Autumn - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის ფოტო Frozen Autumn
- ვარშავაში ცხოვრების გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?
- პოლონეთში Castle Party ფესტივალისათვის, როგორც ტურისტმა, ზაფხულში ვიმოგზაურე. ძალიან მომეწონა აქაურობა – გარემო და ხალხი, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისას საცხოვრებლად აქ გადმოსვლაზე გადაწყვეტილება მალევე მივიღე. ძალიან ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ უნდა წავიდეს თავისი ქვეყნიდან ისეთი ადამიანი, რომელიც პროფესიულად შემდგარი და მოთხოვნადია. ვფიქრობ, ზოგჯერ ყოველგვარი გარანტიისა და გაწერილი გეგმის გარეშე უნდა გამოვიდეთ ადამიანები კომფორტის ზონიდან და ახალი სიმაღლეები დავიპყროთ. მე ყოველთვის სიახლეებს და განვითარების ახალ გზებს ვეძებ. რუტინა მთრგუნავს, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სტაბილური და კომფორტული იქნება, ამ დროს ყველაფერი ცვდება. რა თქმა უნდა, თავისი დიდი სირთულეები და ცუდი სიურპრიზები აქაც არის, უცხო ქვეყანაში ცხოვრება საერთოდ სხვა რამ ყოფილა. თუმცა ვიცი, რომ წინ ბევრი კარგი შესაძლებლობა მელოდება და მეც მათკენ ვისწრაფვი. ასე იქნება ყოველთვის და მე ვერაფერი შემცვლის...
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის ფოტო
ციცი ჩხეიძის ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის ფოტო
- როდის და როგორ გახდა პოლონეთში ციცი ჩხეიძე „ინდიგო ფლეური“?
- ეს ნიკ-ნეიმი იმდენი ხანია შესისხლხორცებული მაქვს, რომ ზუსტად როდის გახდა აღარც მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, სამყაროს შეცნობისა და სიახლეების პროცესში, როდესაც ინდიგო ბავშვებზე სტატია წავიკითხე. საკუთარი თავიც მაშინ „ვიპოვე“. ამას დაემთხვა ისიც, რომ სახელწოდებაში ჩემი საყვარელი ფერი: კოსმიური ლურჯია გამოყენებული. სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და ისე ძალიან მიყვარდა, რომ მშობლიურის მაგივრად ჯერ ამ ენაზე ვფიქრობდი და მერე ქართულად ვთარგმნიდი ხოლმე. Fleur ფრანგული სიტყვაა და ყვავილს ნიშნავს. ასევე არსებობს ულამაზესი მცენარე Indigo და ეს ჩემს უსაყვარლეს ბენდს Pink Floyd-ს შევუსაბამე. მოკლედ, იმდენი ხანია ინდიგო ვარ, რომ პირადობის სახელზე უკვე რეაქციაც აღარ მაქვს ხოლმე...
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის პოლონეთში გადაღებული ფოტო
ციცი ჩხეიძის პოლონეთში გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის პოლონეთში გადაღებული ფოტო
- როგორ წარიმართა ინდიგო ფლეურის პოლონური ცხოვრება?
- პოლონეთში უკვე მქონდა რამდენიმე საინტერესო გადაღება. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ აქ ბევრად მეტად გაფასებენ როგორც არტისტს და გაწეულ შრომასაც ხედავენ. უფრო მოწესრიგებულია დამკვეთთან ურთიერთობაც და, როდესაც გადაღებაზე ვარ, თავისუფლად ვმართავ პროცესს, ყველა პატივს მცემს და ჩემ მითითება-რჩევებს ერგებიან. ჩამოსვლიდან ორ კვირაში უკვე შეკვეთა მქონდა – ქორწილის ფოტოები გადავიღე. საინტერესოა როგორ დაუკავშირდა ეს ფაქტიც მუსიკას: როდესაც საცხოვრებლის ძებნა დავიწყე, ერთ-ერთ პოლონურ ჯგუფში განცხადება დავპოსტე. ჩემი პოსტი ნახა წყვილმა, აღმოჩნდა, რომ მათ Castle Party-დან დავამახსოვრდი და, როგორც კი გავიგეთ პოლონეთში გადმოდიოდი, ასე ვთქვით – This girl must be our photographer! – ეს გოგო ჩვენი ფოტოგრაფი უნდა გახდესო! დეტალებზე საქართველოშივე შევთანხმდით და ქორწილის ბოლოს მუსიკასა და საყვარელ ბენდებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ასევე ჩამოსვლიდან მოკლე დროში შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელიც ისე აღფრთოვანდა ჩემი ნამუშევრებით, რომ თავის მეგობართან დამინიშნა შეხვედრა და მას ჩემი თავი წარუდგინა. გამოფენისთვის საგამოფენო სივრცე უანგაროდ შემომთავაზეს. ასეთი ამბები საოცრად მახარებს და ბედნიერებას მანიჭებს...
© Courtesy of Indigo Fleurციცი ჩხეიძის ნამუშევარი Breathe, Breathe in the Air
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი Breathe, Breathe in the Air” - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი Breathe, Breathe in the Air
- საქართველოში გადაღებული ფოტოებიდან რომელი გახსენდებათ?
- საქართველოში გადაღებული ფოტოებიდან მახსენდება ორი: ეს არის საოცარი პროექტისთვის „მეხელოვნება“ სამი დღით ადრე მოსწრებული კადრი, რომელიც ძალიან მიყვარს. მეორე ჩემი პირველი კამერით გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტოსესიაა. ფოტოს სახელია: Breathe, Breathe in the Air – ინსპირირებულია Pink Floyd-ის სიმღერისგან Breathe. ის გადაღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რეკვიზიტი, ათმეტრიანი ქსოვილი წყალში დამძიმდა და ამ მატერიაში გახვეულ მეგობარს სუნთქვა და მოძრაობა გაუჭირდა. ამ კადრში ზუსტად ის მომენტია დაჭერილი, როდესაც მან წყლიდან ჰაერის ჩასასუნთქად ამოყვინთა. ასე რომ, ყველაფერი ბუნებრივია.
© Courtesy by Tsitsi Chkheidzeციცი ჩხეიძე
ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
ციცი ჩხეიძე
- ბოლოს მინდა გკითხოთ, რას ურჩევთ მათ, ვინც თქვენსავით არ ეპუება რუტინას და სიახლეებს ეძებს?
- საერთოდ საწყისი ეტაპი ყველა საქმეში ყოველთვის რთულია. მახსოვს, თავიდან რამდენიმე ნამდვილი მეგობრის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებიდან არავინ მიმაგრებდა ზურგს და მორალურად არავინ მამხნევებდა. პირიქით, დიდი წნეხი იყო, მეუბნებოდნენ, რომ ყოველთვის დავფრინავ და მიწაზე უნდა დავეშვა. მიუხედავად ყველაფრისა, აქამდე მოვედი, ოცნება ავიხდინე და საყვარელი საქმიანობა პროფესიად ვაქციე. თუ ამ მასალას კითხულობს ადამიანი, ვინც ახლა ნებისმიერ სფეროში იმავე გზას გადის, მინდა მას ვუთხრა: არასოდეს მოუსმინოთ სხვებს, მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს და ოცნება აუცილებლად აგიხდებათ!..
ყველა ახალი ამბავი
0