ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტში „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ კოკო შანელის ცნობილ მოდელებზე — მელიტა ჩოლოყაშვილსა და მის ქალიშვილზე ლილია ზელენსკაიაზე მოგითხრობთ.
მელიტა ჩოლოყაშვილი — დიდებული ქალბატონი, რომელსაც ტიციან ტაბიძე ქალღმერთს უწოდებდა და მადონას ადარებდა.
მელიტას ტფილისურ სახლში ქართული ინტელიგენციის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. სწორედ იქ კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო ზიგმუნდ ვიშნევსკი და სერგეი სუდეიკინი მის პორტრეტებს ხატავდნენ. თუმცა მელიტას ყველაზე ცნობილი პორტრეტი საველი სორინს ეკუთვნის.
ჩოლოყაშვილების ასულმა სორინთან სულ 30 სეანსს გაუძლო, მერე კი უარი თქვა სახელოსნოში სიარულზე.

„მომბეზრდა თქვენი მითითებების შესრულება, სორინ!“ — გამოუცხადა მხატვარს.

ამის პასუხად სორინმა პირდაპირ მიახალა, ძალიანაც ნუ გაკადნიერდებით და თავს მერი შერვაშიძესავით უნაკლო და სრულყოფილ მშვენიერებად ნუ მიიჩნევთო.
მელიტა ასეთ შედარებას ვერ აიტანდა. ეშმაკებშიც წასულხართო, მიაძახა მხატვარს და აჩქარებული ნაბიჯით დატოვა სახელოსნო.
© National Library of Georgiaმელიტა ჩოლოყაშვილი, ნახატი სორინისა
Мелита Чолокашвили. Портрет работы Сорина, Национальный музей Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
მელიტა ჩოლოყაშვილი, ნახატი სორინისა . არქივის ფოტო
სორინს სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დახმარებისთვის მეგობარს, მელიტას პირველ ქმარს კონსტანტინ ზელენსკის მიმართა. დაარწმუნე, რომ სეანსების დასრულება აუცილებელია, ასე მხოლოდ უკულტურო ქალები იქცევიანო, სთხოვა მან მეგობარს.
საბოლოოდ მელიტა გულმოწყალედ დათანხმდა სორინს და პორტრეტიც დასრულდა.
მხატვარი იმდენად კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით, რომ ნახატი თავისთვის დაიტოვა და პარიზში თან წაიღო. მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელსღა დაბრუნდა — მხატვრის ქვრივმა ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.
1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. თან მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის უმცირესი ნაწილის წაღება მოახერხა.
მისი მეუღლე კონსტანტინ ზელენსკი კი ტფილისში დარჩა. მას ბოლომდე არ ტოვებდა იმედი, რომ ცოლი და ქალიშვილი საქართველოში დაბრუნდებოდნენ. ფულიც კი გაუგზავნა ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში მყოფ მეუღლეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის საყიდლად, მაგრამ…
საბოლოოდ, როცა მიხვდა, რომ ორი მისთვის უძვირფასესი ქალი ტფილისში ჩამომსვლელი აღარ იყო, თავადაც ემიგრაციაში წავიდა.
მეუღლეები თურქეთიდან საფრანგეთში გადაბარგდნენ და იქ უკვე მათი ცალ-ცალკე ბიოგრაფია დაიწყო. ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.
პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი. ეს მისი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა პოდიუმზე.
მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ამადაც ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს. სხვათა შორის, ამაზე თავად მელიტაც წერდა საკუთარ წერილებში.
ქართველმა თავადის ასულმა ემიგრაციაში მთლიანად დაივიწყა ძველი კაპრიზები და ახლა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ხატავდა მის პორტრეტს სახელოვანი სორინი, როგორ სთხოვდა ის პოზირებას, ხოლო თვითონ უარზე იყო.
წარსულის გახსენება მისთვის საყვარელ საქმედ იქცა. მელიტა სიამოვნებით იხსენებდა, როგორ ესწრებოდა პოეტ პაოლო იაშვილის ქორწილს, როგორ ხვდებოდა მომღერალ ვანო სარაჯიშვილს, როგორ გაიცნო კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი ლიზა ორბელიანის სახლში…
სამშობლოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ პარიზში ქართული ენის შესწავლაც კი დაიწყო. მანამდე ის მხოლოდ რუსულად და ფრანგულად საუბრობდა.
პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი მერი შერვაშიძეს დაუმეგობრდა. მშვენიერი ქართველი ქალბატონები ერთად თამაშობდნენ პოკერს და ერთად იხსენებდნენ სამშობლოს.
უნდა ითქვას, რომ მშობლიურ ენაზე არცერთი მათგანი არ ლაპარაკობდა გამართულად. მაგრამ 60-იან წლებში საქართველოდან ჩასულ ტურისტებთან ქართულად საუბარს ცდილობდნენ — თუნდაც ორიოდე სიტყვა, მაგრამ ქართულად!
მელიტა ჩოლოყაშვილის მეორე ქმარი პოეტი სერგეი რაფალოვიჩი გახდა. ქალი მთრთოლვარე ზრუნვით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებას და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, რომ სერგეის სახელი საჯაროდ ხშირად ეხსენებინათ.
ტფილისში გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მელიტა წყენით შენიშნავს, რომ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა თარგმანი, რომელიც ნაწილობრივ რაფალოვიჩის გაკეთებული იყო, მაგრამ ავტორებში მისი სახელი არ მოუხსენებიათ. მეგობრებმა დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ემიგრაციაში წასული კაცის ავტორად მოხსენიება უბრალოდ შეუძლებელი იყო.
როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა ლილიამ ჩაანაცვლა.
© National Library of Georgiaლილია ზელენსკაია
ლილია ზელენსკაია  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ლილია ზელენსკაია . არქივის ფოტო
ლილია ზელენსკაიამ 91 წელი იცოცხლა. მან ღრმა სიბერეშიც შეინარჩუნა წერწეტი ტანი და სილამაზე, რასაც მაღალი მოდის სამყაროსგან ძალიან შორს მყოფი ადამიანებიც კი აქცევდნენ ყურადღებას.
2001 წელს ლილია ზელენსკაია თბილისში ჩამოვიდა დეიდაშვილთან ნინო ჩოლოყაშვილთან სტუმრად (რომელმაც მიამბო კიდეც ეს ისტორია) და, თურმე, რუსთაველის პროსპექტზე ამაყად მიმავალი, უკვე ძლიერ ასაკოვანი, ჭაღარა ქალბატონის დანახვაზე მთელი თბილისი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მის დიდებულ სილამაზეს.
ერთ დღესაც ლილიას გადაუწყვეტია, ქართველი ნათესავებისთვის საჩუქრები შეეძინა და პარფიუმერიის მაღაზიაში შესულა. ლაპარაკით გართულ გამყიდველ გოგონებს, როგორც კი ზღურბლს გადმოცილებული ხნოვანი ქალბატონი დაულანდავთ, მყის შეუწყვეტიათ ჭორაობა და უსიტყვოდ დამორჩილებიან მის ყველა მოთხოვნას.
როდესაც ლილიას შენაძენები აუღია და კარისკენ დაძრულა, კონსულტანტ გოგონებს მისი თანმხლები, ზელენსკაიას დისშვილიშვილი შეუყოვნებიათ და უკითხავთ, ვინ არის ეს ქალბატონიო. კოკო შანელის, ლელონგისა და სკიაპარელის ყოფილი მოდელის მშვენება და მანერები არავის ტოვებდა გულგრილს.
უფრო მეტიც, თავად უახლოესი ნათესავებიც კი აღიარებდნენ ლილიას გასაოცარ ქარიზმას — ვერავინ ბედავდა მასთან კამათს.
უკვე სრულიად ჭაღარა, პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ხელში სიგარეტმომარჯვებული ლილია ზელენსკაია-როტვანდი უკანასკნელი სხივი გახლდათ შანელისდროინდელი პარიზის იმ დიდებულებისა, რომლის ანარეკლი ახლაც, ახალ 21-ე ასწლეულშიც კი იგრძნობა.
მელიტა ჩოლოყაშვილის ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ძილში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ორიოდე საათით ადრე ის ნათესავ ქალბატონ ესაუბრა ტელეფონით, მისი ბოლო სიტყვები იყო: „ღამე მშვიდობისა. ახლა ჩემ საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო“...
ყველა ახალი ამბავი
0