საქართველოში ინფლაცია რეკორდს ამყარებს: ახალი სტატისტიკა

© Ministry of Economy of Georgiaსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე 13,9% შეადგინა.
წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა კომუნალურ მომსახურებაზე (43,5%), ტრანსპორტზე (17,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (14%) და ჯანდაცვაზე (7,9%).
წლის განმავლობაში სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბერში 15,6% შეადგინა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი – 24,5%, ბოსტნეული – 20,7%, პური და პურპროდუქტები – 20,2%, შაქარი – 19,8%, რძე და კვერცხი – 15,3%.
2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა. ნოემბრის თვის ინფლაცია 0,6% იყო.

რა ახდენს გავლენას საქართველოში ფასების დინამიკაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენციაა, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზის თანახმად, ნოემბერში მსოფლიო ფასები ძირითად საკვებზე გაიზარდა 1,2%-ით (ძირითადად მარცვლეულზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე) და 2011 წლის ივლისიდან ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„ამასთან დაკავშირებით ფიქსირდება სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა აშშ დოლარში და ბოლო დროს ნავთობის ფასის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა მსოფლიო ბაზრებზე, რასაც თან ახლავს საერთაშორისო გადაზიდვებზე ხარჯების ზრდის მაღალი ტემპები“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდა საქართველოსთვისაც პრობლემაა. მაღალი მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ცალკეული ფაქტორებით, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურია მთელ მსოფლიოში. წინასწარი შეფასებით, ამ ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8%-ია.
„2021 წელს მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 10-პროცენტიანი ზრდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნებასთან, პანდემიის წინა ეტაპებზე დაგროვილი მოთხოვნის რეალიზაციასთან და ბოლოდროინდელ მაღალ საპროცენტო განაკვეთთან“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
ძლიერი საკრედიტო აქტივობა დადებითი სტიმულია მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის, მაგრამ ამავდროულად ხელს უშლის ინფლაციის შემცირებას, ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი.

ინფლაციური პროგნოზი დამაიმედებელი არ არის

„ძველი წლის დეკემბერსა და ახალი წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება კომუნალური მომსახურების სუბსიდიების ზრდის ხარჯზე“, — ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა სხვა თანაბარ პირობებში მიმდინარე პროგნოზი ინფლაციის შემცირებას 2022 წლის გაზაფხულიდან ითვალისწინებს, რასაც, დროებითი ფაქტორების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს არსებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია.
თუმცა მიწოდების ძლიერი შოკების პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია. ინფლაციური რისკები შენარჩუნებულია და მათმა განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება.
ყველა ახალი ამბავი
0